როგორ გაიტაცა 200 კილოგრამი თბილისიდან ოქრო ბავშვთა სახლში გაზრდილმა „მხედრიონელმა“? - ნაკლებად ცნობილი ამბის დეტალები | Allnews.Ge

როგორ გაიტაცა 200 კილოგრამი თბილისიდან ოქრო ბავშვთა სახლში გაზრდილმა „მხედრიონელმა“? - ნაკლებად ცნობილი ამბის დეტალები

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პიკეტი

თბილისის ომი სულ რაღაც 3 კვირის დასრულებული იყო და დედაქალაქი თოვლში იყო ჩაფლული. სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები უკონტროლოდ თარეშობდნენ. ქალაქის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელში „გვარდიისა“ და „მხედრიონის“ პიკეტები იდგა. ისინი მანქანებს ჩხრეკდნენ, ყველა საეჭვო პირს აკავებდნენ და ზვიადისტების გამოსავლენად კომენდატურაში მიჰყავდათ. საეჭვო პირი კი ყველა ის ადამიანი იყო, ვისაც „გვარდიელის“ ან „მხედრიონელის“ „ქსივა“ არ გააჩნდა. „ქსივიანებს“ კი გაუჩხრეკავად უშვებდნენ. დიდი დიდი, მათთვის 2-3 ლიტრი ბენზინი ეთხოვათ.

ღამის 3 საათი სრულდებოდა. დიდი დიღმის გასასვლელთან „გვარდიისა“ და „მხედრიონის“ პიკეტი იდგა. სულ 6 ადამიანი იყო. ოთხს მანქანებში ეძინა. გვარდიელი პავლე მარტიაშვილი და მხედრიონელი გურამ შოთაძე კი კოცონთან ისხდნენ. ამ დროს თეთრი ფერის „ნივა“ გამოჩნდა. მოპიკეტეებმა ავტომობილი გააჩერეს და მძღოლს საბუთები მოსთხოვეს. მძღოლმა და მის გვერდით მჯდომმა სლავური გარეგნობის მამაკაცმა მოპიკეტეებს მხედრიონის „ქსივები“ წარუდგინეს და გზის გაგრძელება დააპირეს. მარტიაშვილმა მათ ბენზინი სთხოვა. მძღოლმა მოპიკეტეებს ბენზინით სავსე 5-ლიტრიანი პლასტმასის „კანისტრა“ მისცა. გამოემშვიდობა და მანქანა ადგილიდან დაძრა, მაგრამ გურამ შოთაძემ მძღოლი გააჩერა და უთხრა:

– საბარგული გახსენი. ეგ შენი „ნივა“ ძირსაა დაწეული. აშკარად „დაგრუზულია“ და იარაღით ხომ არ გაქვს დატვირთული. უნდა შევამოწმოთ.

მძღოლმა და მისმა თანამგზავრმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და ჯაბა იოსელიანთან ჩივილით დაემუქრნენ, მაგრამ მარტიაშვილმა ორივეს ავტომატი მიუშვირა და თხრილში, გზის პირას დაწოლა უბრძანა. შოთაძე კი „ნივის“ საბარგულს ჩხრეკდა და ფანრით ათვალიერებდა. უცებ „ნივა“ ადგილს მოსწყდა. შოთაძემ მანქანა თბილისისკენ შეატრიალა და დიდი სისწრაფით გაქანდა. მარტიაშვილმა კი გაოცებული მზერა გააყოლა მხედრიონელ თანამოპიკეტეს.

ტოტალური ძებნა

თეთრი „ნივის“ მძღოლი 52 წლის კარლო თეთრაძე იყო, სლავური გარეგნობის მამაკაცი კი 35 წლის იური ვორონინი. თეთრაძე საქართველოს „ცეკას“ ეკონომიკური განყოფილების ყოფილი ფუნქციონერი იყო. ვორონინი კი – იმავე უწყების მოსკოველი ფუნქციონერი და მოსკოვში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. თეთრ „ნივაში“ 200 ცალი კილოგრამიანი 999 სინჯის ოქროს ზოდები იყო დამალული.

მათ ეს ოქრო ცხინვალში, სამხედრო ბაზაზე უნდა მიეტანათ, საიდანაც მისი მოსკოვში ტრანსპორტირება საჰაერო გზით განხორციელდებოდა. 200 კილოგრამი ოქრო, ეგრეთ წოდებული, „პარტიის ოქროს“ მცირე ნაწილი იყო, რომელიც თბილისში, კარლო თეთრაძის კერძო სახლის სარდაფში ინახებოდა. ვორონინი კი მოსკოვიდან გამოგზავნეს, რომ ოქრო რუსეთში ფარულად დაებრუნებინათ. სწორედ ამას ემსახურებოდა მათი ღამის ვოიაჟი და გურამ შოთაძემ ეს პროცესი ჩაუშალა. 22 წლის შოთაძე წყნეთის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელი იყო და არც მშობლები ჰყავდა და არც ნათესავები. ის ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მთავრობამ მას საჩუქრად გადასცა.

შოთაძეს არასრული ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული, „გეპეიში“ სწავლობდა, შემდგომ კი „მხედრიონის“ რიგებში გაწევრიანდა. ოქროს დაკარგვის ამბავი რომ გამჟღავნდა, მოსკოვიდან სპეციალური წარმომადგენელი ჩამოვიდა და ჯაბა იოსელიანს უმკაცრესად მოსთხოვეს შოთაძის მოძებნა და ოქროს დაბრუნება. ჯაბას ბრძანებით, „მხედრიონი“ ფეხზე დადგა და შოთაძეს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ, თუმცა, მხოლოდ თეთრ „ნივას“ მიაგნეს, რომელიც შავნაბადას ასახვევში იყო მიგდებული. გადააქოთეს შოთაძის ბინაც, მაგრამ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს.

უცნობია, რა ბედი ეწიათ ოქროს თბილისელ შემნახველსა და მოსკოველ ემისარს. ვერსად მიაგნეს შოთაძის კვალსაც. დიდი ალბათობით, ის ამ განძით საზღვარგარეთ გაიქცა.

წყარო