იცით, რამდენი ცხენის ძალა აქვს თავად ცხენს სინამდვილეში და რატომ ვიყენებთ სიმძლავრის გასაზომად ჯერ კიდევ მას?
ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ავტომობილთა სიმძლავრე ცხენის ძალით იზომება. ადამიანთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ თავად ცხენს 1 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, რაც ნამდვილად ლოგიკურია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
გაგიკვირდებათ და ზემოხსენებული ცხოველის მაქსიმალური სიმძლავრე საშუალოდ 15 ცხენის ძალას შეადგენს, ჩვენი კი დაახლოებით 1-ს. შესაბამისად, უფრო ზუსტი "ადამიანის ძალა" იქნებოდა.
მაშ, საიდან მოდის ეს რეალობასთან შეუსაბამო საზომი და როტომ ვიყენებთ მას დღემდე?
ის 1700-იან წლებში შოტლანდიელმა გამომგონებელმა, ჯეიმს ვატმა დაამკვიდრა, რომელმაც სახელი მის მიერ შექმნილი ორთქლის მანქანებით გაითქვა. ამ სისტემების უპირატესობების საჩვენებლად და მათთვის რეკლამის გასაკეთებლად, მეცნიერს სურდა, ისინი ყველასთვის ნაცნობ რამესთან შეედარებინა. შედეგად კი არჩევანი ცხენზე შეაჩერა.
ჯეიმს ვატი
ვატმა საკუთარი დაკვირვებით (და არა სათანადო მეცნიერული კვლევებით) გამოთვალა, რომ მუშა ცხენს წისქვილის ბორბლის დატრიალება საათში 144-ჯერ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მან ივარაუდა, რომ ეს ძუძუმწოვარი ადგილიდან წუთში 32,572 გირვანქას, ანუ 14,774.41 კილოგრამს დაძრავდა, რომელიც 33 000-მდე დაამრგვალა (14,968.55 კგ). ამგვარად დაიბადა ახალი საზომი — ცხენის ძალა.
მისი სიზუსტე გამომგონებელს, ისევე, როგორც კლიენტებს, დიდად არ აინტერესებდათ, ამიტომ ეს ერთეული დღემდე შემორჩა. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ვიცით, რატომ არ ვცვლით მას?
პასუხს ლინგვისტიკისკენ მივყავართ. რადგან ენა მუდმივად იცვლება და ჩვენი ცოდნაც იზრდება, ბევრი ტერმინი გვრჩება, რომელიც, ამჟამინდელი გადასახედიდან, აზრს მოკლებულია. გამონაკლისი არც საზომი ერთეულებია, რადგან მათი ნაწილი მცდარ ვარაუდებს ეფუძნება. ასეთია "ცხენის ძალაც", რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო, რაც კულტურული მნიშვნელობის წყალობით მოახერხა.