„რა გორელივით შუა გზაზე დადიხარ“- სახალისო გამოთქმა, რომელსაც სინამდვილეში ტრაგიკული წარსული უდევს საფუძვლად- საიდან იღებს გამოთქმა სათავეს?
ყველას გვსმენია გამოთქმა - „გორელები შუა გზაზე დადიანო“. ამ გამოთქმას ისტორიული საფუძველი აქვს. ამბობენ, რომ ხალხში ეს ფრაზა მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც 1920 წლის 20 თებერვალს გორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვალს, ღამით, 02:55 საათზე დაფიქსირდა, განმეორებითი კი - 14:45 საათზე. რიხტერის შკალით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის შკალის მიხედვით, ბიძგების ინტენსივობა მიწისძვრის ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში.
მიწისძვრამ გორის მაზრაში იმსხვერპლა 129 ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 661, სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი. მიწისძვრამ დააზარალა გორის ციხე, ქვემო რიეთის ეკლესია, ნათლისმცელის ეკლესია და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ქალაქ გორში დაზიანების გარეშე მხოლოდ 16 შენობა გადარჩა, დაახლოებით ათასი მსუბუქ რეაბილიტაციას ან სრულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა.
ცნობილია, რომ სრულად განადგურდა სოფლები: ხიდისთავი და ოხერა, უფლისციხე, სკრა, ატენი, გორიჯვარი, ხოვლე, დოესი...
სახლების დანგრევასთან ერთად, სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეღუპა შინაური პირუტყვი. სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა თებერვლის სუსხიან დღეებში ღია ცის ქვეშ დარჩა.
"უცებ მოისმა ჯოჯოხეთური გუგუნი და ქალაქი გორი ჯერ საქანელათ გადიქცა, შემდეგ კი როგორც წყლიდან გამოსული ან ჭენების შემდეგ გაოფლიანებული ცხენი ძლიერათ შეიბერტყა, ისე იბერტყებოდა დედამიწის ზურგი ერთი წუთის განმავლობაში. კედლების ჭახაჭუხი, ნგრევა, კორიანტელი მტვრისა, წივილ-კივილი ხალხისა. რა ხდებოდა, აღარაფრის გამოცნობა არ შეიძლებოდა. მთელი გორი გაეხვია სიბნელეში. ჩვენს წინ რამდენიმე ებრაელი და ქრისტიანი დაეცნენ მუხლებზე და ხელებაპყრობილი მაღალი ხმით ღმერთს საშველად მოუწოდებდნენ. ირგვლივ კვნესა, დაჭრილთა ოხვრა. თმაგაშლილი დედა შვილს გიჟივით დაეძებს, გაისმის ისტერიკული სიცილიც. ბევრი გადახვევიან ერთმანეთს, კოცნიან, გადარჩენას ულოცავენ. ცრემლები გაღრჩობს, გინდა ყველას უშველო, მაგრამ უძლური ხარ ბუნების წინაშე". - წერდა მაშინდელი პრესა.
ამ მიწისძვრის შემდეგ შეშინებული გორის მოსახლეობა, შენობებთან ახლოს გავლას ერიდებოდა და შუა გზაზე დადიოდა. აქედან მომდინარეობს გამოთქმა, - „რა გორელივით დადიხარ შუა გზაზეო“.
შუა გზაზე სიარულის ჩვევამ კიდევ დიდ ხანს გასტანა გორელებში და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ სტერეოტოპადაც ჩამოყალიბდა.
ერთი შეხედვით სახალისო გამოთქმებს, რომლებზეც ხშირად თავადვე ვხუმრობთ ხოლმე, სინამდვილეში ტრაგიკული წარსული უდევს საფუძვლად.