"კახელებს სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - რას აცხადებს თელაველი თიხის ოსტატი?
ეთუნეობა უძველესი ხელობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ოდითგან მისდევდნენ. ამას საქართველოში აღმოჩენილი არაერთი უნიკალური თიხის ჭურჭელი ადასტურებს. თიხასთან ურთიერთობას ცოდნა უნდა, ოღონდ ეს საქმე ჯერ უნდა შეგიყვარდეს, მერე კი მასთან "გაშინაურებაც" შეიძლება. როგორც ოსტატები ამბობენ, ადვილად მოგყვება, გელაპარაკება, უამრავ ამბავს მოგითხრობს და ფილმის ცნობილი ფრაზის არ იყოს, სასიამოვნოდაც "მღერის". ამჯერად თელაველ მეთუნე ლექსო გენგაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც თიხაზე მუშაობა ცხოვრების წესად აქცია და ამის გამო თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.
- თელავში იმ უბანში ვცხოვრობდი, რომელსაც მაწანწარა ჰქვია და სადაც მეთუნეები მრავლად იყვნენ. ამ დარგს 12-14 ოჯახი მისდევდა და იქაურობა ნამდვილი კერა იყო. ეს საქმე მხოლოდ მე კი არ მაინტერესებდა, ბევრის ინტერესიც ყოფილა, როგორ მზადდებოდა თიხის გუნდისგან, ვთქვათ, დოქი. მაშინ ეს ოჯახები თავიანთ სამზარეულოში არ გვახედებდნენ, რომ ნამუშევრებისთვის თვალი შეგვევლო. ამიტომ ეს ხელობა ცოტა გასაიდუმლოებული იყო. მეთუნეების ნახელავს ფანჯრიდან მაშინ მოვკრავდით ხოლმე თვალს, როცა თელავში უცხოელი ტურისტები ჩამოდიოდნენ და კერამიკულ ნაწარმს ყიდულობდნენ... მახსოვს, საბავშვო ბაღში თიხით მანქანებს ვძერწავდით და ვღებავდით...
XIX-XX საუკუნეების დასაწყისში დარგი განვითარებული იყო რუისპირში და თელავის სხვა სოფლებშიც - ვარდისუბანსა და იყალთოში, თუმცა ქალაქში მაინც განსხვავებული ნამუშევრები მზადდებოდა - გამოყენებით კერამიკასთან ერთად, დეკორატიულიც. რაც მთავარია, თელავში თიხა ყოველთვის ულევად იყო.1987 წელს ხალხური რეწვის პროფესიულ სასწავლებელში შევედი. ერთადერთმა დავამთავრე "წითელ დიპლომზე". სასწავლებელში ნამდვილი მეთუნე გაბრიელ ჭიბალაშვილი მუშაობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სამწუხაროდ, ჩვენ შორის აღარ არის... მერე ისეთი წლები დაიწყო, ეს საქმე კი არა, ყველაფერი ჩაიძირა. 25 წელი სოჭში ვცხოვრობდი, იქ ჰობის დონეზე მივდევდი ამ საქმეს, ფესტივალებშიც ვმონაწილეობდი... სამწელიწად-ნახევარია, საქართველოში დავბრუნდი და ამ საქმეს მივყავი ხელი. ამჟამად 5-6 კარგად მომზადებული მეთუნე მყავს, რომლებიც შემიძლია ოსტატებად დავასაქმო.
- კარგი საქმეა, როცა შენს ცოდნას, გამოცდილებას სხვებს გადასცემ.
- ჩემი ოსტატისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ მეთუნეობის სკოლა უნდა გამეკეთებინა და საქართველოში რომ ჩამოვედი, პირობა შევასრულე - ასეთი სკოლა ჯერ თელავში გავხსენი და უფასოდ ვასწავლიდი, მერე - თბილისშიც. მაგრამ ხალხმა ვერ გაიგო ეს. არადა, მინდოდა, ამ საქმისადმი ინტერესი გასჩენოდათ, ადამიანები სასიამოვნოდ ამეფორიაქებინა... ახლა სკოლა ფასიანია და ინტერესიც მეტი აქვთ. სიამოვნებით მოდიან, უხარიათ სწავლა. შევქმენი კახური კერამიკა - თუკი კახეთში რამე ჭურჭელი მზადდებოდა, აღვადგინე.
- კახური ჭურჭელი ახსენეთ... რა განასხვავებს მას იმერულისგან?
- დარგი კახეთში უფრო იყო განვითარებული, რადგან ბევრი ღვინისთვის ჭურჭელიც ბევრი იყო საჭირო. თიხაც განსხვავდება - მათი უფრო ცეცხლგამძლეა, კეცებისა და ლობიოს ქოთნებისთვის გამიზნული, ასევე ქვევრებისთვისაც, მშვენიერი ქვევრები აქვთ. კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ წყაროებზე დაყრდნობით ვიცი, რომ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს. კახეთში სამუშაოდ გაზაფხულზე ჩამოდიოდნენ და შემოდგომით უკან მიდიოდნენ. კახელებს იმ დროს არც თონის გასაკეთებლად ეცალათ და არც - ქვევრის, რადგან ვენახს უვლიდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის პირებს კი, ვინც ვენახში ვერ მუშაობდა, შეგირდებად იყენებდნენ, რომ თიხა მოეტანათ, მოეზილათ, გამოსაწვავი ღუმლის ასანთებად შეშა მოეზიდათ. იმერლები კი ბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ ზოგიერთი ვარდისუბანში დარჩა და ამ სოფელს დღეს იმერლების სოფელსაც ეძახიან. ყვარელშიც არიან. რაც შეეხება თიხის სხვა ჭურჭელს, განსხვავება ის იყო, რომ ჩვენი უფრო მრავალფეროვანი იყო, რადგან ბევრი ღვინო გვქონდა. იხილეთ სრულად