
ზოგჯერ, თბილისის უბნების სახელწოდებებს ისე წარმოვთქვამთ, რომ მათ შესახებ ბევრი რამ არც ვიცით. სიტყვა "უბნის" შემცველი რამდენიმე დასახლებაა ჩვენს ქალაქში (აბანოთუბანი, ვაზისუბანი, ანჩისხატის უბანი, სვანეთის უბანი, ოქროს უბანი). მათზე საუბარს ახლა ვაპირებთ.
აბანოთუბანი
აბანოთუბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. სახელწოდება უძველესი დროიდან ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ ცნობილ აბანოებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V საუკუნეს, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. X საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი "გზათა და სამეფოთა წიგნში" აღნიშნავს:
"ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლოც გვაწვდის. XVIII საუკუნეში კი რუსი ვაჭარი - ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, თბილისში ექვს აბანოს ასახელებენ.
XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, "გრილი" (შიოევის), "ჭრელი" და სხვა აბანოები.
დღემდე შემორჩენილ აბანოების უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და შემდგომი ხანის სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა აბანოთუბანი.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონდა. იქ ადამიანები ხშირად მთელი დღით მიდიოდნენ, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. როგორც ძველი გადმოცემები მოწმობს, არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომ სადედამთილოებს მომავალი სარძლოების სილამაზე აბანოში შეემოწმებინათ.
ვაზისუბანი
ვაზისუბანი თბილისში 80-იან წლებში გაშენებული ერთ-ერთი საცხოვრებელი დასახლებაა. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, თბილისის ზღვის სიახლოვეს... საუკუნეების წინ ამ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ვაზი და სახელწოდებაც ამ დასახლებას აქედან აქვს შეძენილი.
ანჩისხატის უბანი
ანჩისხატის უბანი ძველი თბილისის ერთ-ერთი კუთხეა, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის მიდამოებს მოიცავდა. ჩრდილოეთით მას ქალაქის გალავანი (ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ) საზღვრავდა, აღმოსავლეთით - მტკვარი, სამხრეთით - მეფის სასახლე, ე.წ. ბატონის სასახლე (ერეკლეს მოედანთან), დასავლეთით - ახლანდელი ავლევის ქუჩა. ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ავანაანთ ხევზე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები) გადებული ხიდით და "დაბლა კარის" ანუ "წყლის კარის" (ძველი თბილისის ერთ-ერთი კარი) გავლით პირველად ანჩისხატის უბანში შედიოდა. იხილეთ სრულად