„ჩემი ჰონორარით ავაშენე”- როგორი სახლი აქვს მაკა ზამბახიძეს წყნეთში?
მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა. მეუღლესთან ერთად გარემოზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ოჯახს დიდი გეგმები აქვს - ვენახის გაშენებას, ყურძნის მოყვანასა და ღვინის დაწურვას გეგმავს. მაკას შვილს, სალომესაც ფერმერობა აქვს გადაწყვეტილი და ამაზე ფიქრი უკვე დაიწყო.
- კორპუსში ვიზრდებოდი, მიწაზე მუშაობა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ რაც უფრო გემატება წლები, მით მეტად მოგწონს სიმწვანე, სუფთა ჰაერზე ყოფნა. კერძო სახლში ცხოვრება კომფორტული აღმოჩნდა, აქ ჩიტივით თავისუფალი ვარ.
- როგორ გადაწყვიტე წყნეთში გადასვლა?
- შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ხის სახლის აშენება დავიწყე. წყნეთის ეზოში ბევრი ნაძვია და ამის გამოც გადავწყვიტე, წითელქუდას ბებიასავით ხის სახლი ჩამედგა. ერთსართულიანია, მანსარდა არა აქვს - სხვანაირი კონსტრუქციისაა და დაშენებას ვერ გაუძლებს, მაგრამ რაიმეს დამატება მაინც შეიძლება, რადგან სამშენებლო ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება.
- ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმწვანე და ხის სახლი - ეს ყველაფერი ბუნებასთან გაახლოებს. ამან რა მოგიტანა?
- სულიერი სიმშვიდე, შინ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ადრე. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, შესაძლოა დღეში სამჯერაც დამჭირდეს ასვლა-ჩამოსვლა, მაგრამ ისე მიყვარს აქაურობა, ეს დისკომფორტს არ მიქმნის.
- როგორ ზრუნავ ეზო-კარზე?
- ჯერ ისე არა მაქვს მოწყობილი, როგორც წესია, ეზოს გალამაზება ენერგიას, შრომას, ფინანსებსა და დროს მოითხოვს. ამიტომ ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც მინდა... ახლა რაღაც ახალი ბალახი უნდა დავთესო, ახალი ყვავილები, უკეთესი ბოსტანი გავაკეთო. ეზოში მშვენიერი პომიდორი, კიტრი, მწვანილი მოდის.
ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს. ჩემი ქმარი რასაც დათესავს, ყველაფერი ხარობს. ასეთი გემრიელი პომიდორი წლებია არ მიჭამია. შარშან ბიოპროდუქტი მოვიყვანეთ. მოკლედ, აგრარული საქმიანობა ჩემი მეუღლის ჰობია (მეუღლე მიხეილ ჩოხელი სპორტსმენია. - ლ. ფ.), დიდ სიამოვნებას იღებს. ახლა ვენახზე ოცნებობს, რომ ღვინო დაწუროს. მიწათმოქმედება მეც შემიყვარდა, ამაზე ადრე არც მიფიქრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრებაში ეს რაღაც ეტაპს მოაქვს. იხილეთ სრულად