4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ქობულეთში, 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი გუშინ გვიან საღამოს აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 126-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.
საქმეში სოციალური აგენტიც ჩაერთო და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ძალადობის გამო მოზარდს ყურებზე, საფეთქელსა და ორივე ბარძაყზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფიდან გაწერეს.