სამი დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა
სამი დღის წინ გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლების ინფორმაციით, გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა. როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. მისივე თქმით, ბაირამოვამ აღნიშნა, რომ "სადღაც პარლამენტის შენობასთან" იმყოფება. სატელეფონო ზართან დაკავშირებით, ბაირამოვას დედა და ბებია პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
პოლიციის შენობასთან გატაცებული ბაირამოვას ახლობლებმა აქცია გამართეს. მათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალიც გადაკეტეს. ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. გატაცებული გოგონას დედა შეუძლოდაც გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - განაცხადა ნაილა გურაბანოვამ.
17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. როგორც Allnews.ge-ს შსს-ში გუშინ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
გატაცებულ 17 წლის გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ