გატაცებული 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
17 წლის სამირა ბაიარამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ქვემო ფონიჭალის პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი საგამოძიებო სტრუქტურებიდან პასუხს ელოდებიან. ოჯახის წევრები და ახლობლები მეოთხე დღეა ეძებენ. ამ დრომდე უცნობია ბაირამოვას ადგილსამყოფელი.
როგორც Allnews.ge-ს ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ გატაცებულ გოგონას პოლიცია არ დააბრუნებს, გამორიცხული არ არის მასშტაბური აქციები დაიწყონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლების ინფორმაციით, გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა. როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. მისივე თქმით, ბაირამოვამ აღნიშნა, რომ "სადღაც პარლამენტის შენობასთან" იმყოფება.
"ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - განაცხადა ნაილა გურაბანოვამ.