რამდენად დაცულია უსაფრთხოება საქართველოს აეროპორტებში
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში არსებული უსაფრთხოების ზომები კიდევ ერთხელ დააყენა კითხვითი ნიშნის ქვეშ. მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმელების სამიზნე აეროპორტი ამ დრომდეც არაერთხელ გამხდარა. ამის მიუხედავად, არაერთ განვითარებულ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები იმ დონემდე ვერ არის უზრუნველყოფილი, რომ ტერაქტის აღკვეთა დროულად მოხდეს.
საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს აეროპორტებში. ALLNEWS.GE ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა:
- თბილისის აეროპორტში, რა თქმა უნდა, არ არის მიღებული უსაფრთხოების ისეთი ზომები, როგორიც არის მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ან აშშ-ში, თუმცა თბილისის აეროპორტი უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმარისად დაცულია. დაცვის პოლიციას გააჩნია საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ზრუნავს აღნიშნულ უსაფრთხოებაზე და ა.შ. შეიძლება ითქვას, თბილისში უსაფრთხოების ზომები გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ბევრ ევროპულ სახელმწიფოში. თბილისის აეროპორტის შენობაში ყველა შემსვლელი ვალდებულია ბარგი გაატაროს სკანერში, თავად კი გაიაროს მეტალოდეტექტორის ქვეშ. როგორც ვიცი, მსგავსი თუნდაც ბრიუსელის აეროპორტში არაფერი ყოფილა და მხოლოდ საპასპორტო კონტროლის ზონის მერე ხდებოდა შემოწმება.
-როგორია უსაფრთხოების ზომები ევროპისა და აშშ-ის აეროპორტებში?
-იქ ჩვეულებრივად ხოციელდება მსგავსი ტიპის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ფეხზე გახდაც მოსთხოვონ ადამიანებს. შემოწმება ძირითადად უფრო მკაცრია უკვე ჩასასხდომ ზონაში, ვიდრე აეროპორტის შესასვლელში.
ამერიკის საერთაშორისო აეროპორტებში 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ განსაკუთრებით გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.
მაგალითად, 11 სექტემბრამდე არათუ აეროპორტში ხორციელდებოდა სერიოზული კონტროლი, არამედ პატივისცემის ნიშნად, ხშირად მგზავრი პილოტის კაბინაშიც შეჰყავდათ და სწორედ ამ დროს მოხდა 11 სექტემბერს თვითმფრინავების დაკავება ტერორისტების მიერ საკანცელარიო დანით, პრაქტიკულად ტერორისტებმა მინიმალური რესურსით მიიღეს სერიოზული შედეგი.
რაც შეეხება ვეროპის ქვეყნებს, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოებაზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული ესპანეთში, მადრიდის აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ETA-მ განახორციელა ტერორისტული აქტი. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტებისთვის საინტერესოა ჩასასხდომი ზონა, ანუ ის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანია, ტერმინალებთანაც საჭიროა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, მხოლოდ ბარგის შემოწმებით აეროპორტის უსაფრთხოება არ შემოიფარგლება, რადგან თუნდაც იგივე ETA-მ ტერაქტი მოაწყო არა ჩასასხდომ ზონაში, არამედ ტერმინალებთან.
-ბოლო პერიოდში თურქეთში სამწუხაროდ ხშირია ტერაქტები, ძირითადად ცენტრალურ ქუჩებში, თუმცა უსაფრთხოების მხრივ როგორი მდგომარეობაა აეროპორტში?
- თურქეთის აეროპორტი მეტ-ნაკლებად დაცულია. საერთოდ აეროპორტები უფრო მეტად საშუალო ტიპის სამიზნეებს განეკუთვნებიან ხოლმე, იქ ტერორისტული აქტების ჩატარებას დიდი მომზადება სჭირდება იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაუცველი იყოს აეროპორტი, იქ მაინც მუდმივად არის დაცვის სამსახური.
-რა სიტუაციაა აზიის ქვეყნებში, თუნდაც ჩინეთსა და იაპონიაში?
-პრინციპში ყველგან მსგავსი სიტუაციაა, მითუმეტეს იაპონიაში, რომელიც ადრეც იყო ტერაქტების გარკვეული სამიზნე, თუმცა ამ შემთხვევაში აეროპორტები უფრო დაცულია. მითუმეტეს იაპონიასა და ჩინეთში, რადგან ამ ქვეყნებში უსაფრთხოების ნორმებს დიდი ყურადღება ექცევა.
თეა ბეჟიტაშვილი