ყვარელში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
ყვარელში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მამის, გია ნაცვლიშვილის თქმით, ბავშვი 29 მარტს ცუდად გახდა და ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც 3 აპრილამდე ჰყავდათ, 3 აპრილს კი ის საავადმყოფოდან გაწერეს დასკვნით, რომ მკურნალობა აღარ სჭირდებოდა.
ოჯახის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოში ყოფნის დროსაც არ აქცევდა ბავშვს სათანადო ყურადღებას.
გია ნაცვლიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სახლში დამძიმდა. ის ხელახლა საავადმყოფოში 9 აპრილს გადაიყვანეს, შემდეგ კი, მათივე დაჟინებული მოთხოვნით, მისი ტრანსპორტირება თბილისში მოხდა, სადაც ბავშვი დაიღუპა.
მამის თქმით, მის შვილს დიაგნოზი ვერ დაუსვეს, დიმედროლს უკეთებდნენ, რაც სავარაუდოდ საჭირო არ იყო.
იგი ექიმებს ბავშვის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს და უახლოეს მომავალში მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".
"ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ყველა მსგავსი შემთხევავ უნდა შესწავლოს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და დაადასტუროს ან უარყოს სამედიცინო პერსონალის დანაშაული. ჩვენ შეგვიძლია გავასაჯაროოთ გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზი და მკურნალობის ისტორია, თუმცა ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრების თანხმობა", - განაცხადა "ევექსის" წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.