
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:31 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.