აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან გაბრაზებულ გულზე ბევრს გაუგზავნია ისეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის გამოც შემდეგ სირცხვილი უგრძვნია.
ახალი აპლიკაცია Privates-ის საშუალებით, მსგავსი მოკლე ტექსტური შეტყობინებების უკან გამოთხოვაა შესაძლებელი.
კერძოდ, აპლიკაციას შეუძლია უკვე გაგზავნილი წერილების წაშლა, მანამ ვიდრე მას მიმღები წაიკითხავს.
თუმცა, ქართველი მკითხველისთვის ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო თავად აპლიკაციის შემქმნელია. Privates-ი ქართველმა ამერიკელმა, დოქტორმა ისააკ (ნიკა) დათიკაშვილმა შექმნა.
ALLNEWS.GE ამ ადამიანით დაინტერესდა. ძიების შედეგად მასთან დაკავშირება შევძელით და ინტერვიუც ჩავწერეთ.
როგორც გავარკვიეთ იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, აქვს სტომატოლოგიური კლინიკა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის და გარდა იმისა, რომ მან შექმნა ინოვაციური აპლიკაცია, არის წარმატებული ექიმიც.
ისააკ, იგივე ნიკა დათიკაშვილი წარმოშობით ქართველია, თუმცა, საქართველოში ნამყოფი არ არის.
"ჩემი მშობლები თბილისში გაიზარდნენ, აშშ-ში კი 1964 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. მე 1978 წელს დავიბადე ფილადელფიაში, სადაც მივიღე უმაღლესი განათლება. სწავლის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. ნიუ-იორკში კი 11 წელია გადმოვედი. მყავს და. ისიც აქ დაიბადა და აქ ცხოვრობს, ჩემი დაც ექიმია, იგი ფარმაცევტია.
"საქართველოში მყავს ნათესავები, მაგრამ მათ ახლოს არ ვიცნობ. არ ვარ ნამყოფი საქართველოში, ძალიან მინდა ჩამოვიდე და კარგი ხაჭაპური ვჭამო. ჩემი ბაბუები და ბებიები აქ რომ ჩამოდიოდნენ, სულ მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია თბილისი. მშობლებს ძალიან უნდათ დაბრუნება, მაგრამ უკვე დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ, და ვეღარ მოახერხეს ჩამოსვლა", - ამბობს ნიკა დათიკაშვილი.
ინტერნეტში მცირე ძიების შედეგად დავასკვენით, რომ ნიკა დათიკაშვილი საკმაოდ წარმატებული ექიმია, მას ბევრი მადლიერი პაციენტი და სტუდენტი ჰყავს.
"თავიდან ვიყავი უბრალოდ სტომატოლოგი. არ მომწონდა ჩემი პროფესია, ცოტათი მონოტონური იყო, უფრო აქტიური სამსახური მინდოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ნიუ-იორკში 24-საათიანი სტომატოლოგიური კლინიკა გამეხსნა, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა. ამგვარად, ერთმანეთს შევუთავსე სტომატოლოგია და სასწრაფო დახმარება, რისი გამოცდილებაც მქონდა. ამას გარდა, ვარ პროფესორი, ვასწავლი ბავშვებს, როგორ გახდნენ კბილის ექიმები" - აღნიშნა ALLNEWS.GE-სთან საუბრისას ნიკა დათიკაშვილმა.
წარმატებულ ქართველ ამერიკელზე ამ დრომდე არაერთ უცხოურ მედიას დაუწერია. თუმცა, მასზე წერდნენ, როგორც წარმატებულ და პროფესიონალ სტომატოლოგზე, რომელიც ნებრისმიერ დროს მზად არის პაციენტების დასახმარებლად. ამიერიდან კი მისი სახელი სხვა წარმატებასაც უკავშირდება. ეს არის ახალი აპლიკაცია, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ.
ნიკა დათიკაშვილის თქმით, ამ პროდუქტის შექმნის იდეა მას პირადი ინფორმაციის დაუცველობის გამო გაუჩნდა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, პაციენტები მას ხშირად უგზავნიან SMS-ის სახით პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციას, იმისათვის რომ აღნიშნული პირადი მონაცემები შემდგომში არ გახდეს არასათანადოდ გამოყენებული, აპლიკაციის საშუალებით ადამიანს ეძლევა საშუალება გაგზავნილი შეტყობინება წაშალოს და მასში შემცველი ინფორმაციის გავრცელება თავიდან აირიდოს.
"იდეა იყო ჩემი, პროგრამირების მცოდნე მეგობრების დახმარებით კი აპლიკაცია შევქმენი.
ადამიანებს სჭირდებათ შეინარჩუნონ პირადი სივრცე. ამერიკაში არის ასეთი კანონი, რომ ექიმს არ აქვს უფლება შეინახოს ადამიანის შესახებ ინფორმაცია, თუ არ იყებს ამ ინფორმაციას. მინდოდა მენახა App Store-ში თუ არსებობდა რაიმე მსგავსი სახის აპლიკაცია. რადგანაც ასეთი ვერაფერი ვიპოვე, გადავწყვიტე თავად შემექმნა. ჩემი მოსწავლეები, რომელთაც ახალდაწყებული აქვთ მუშაობა, ხშირად მიგზავნიან პაციენტების ფოტოებს და რჩევებს მეკითხებიან, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მათ. აპლიკაციის საშუალებით, შენი გაგზავნილი შეტყობინების ან ფოტოს "სქრინშოთის" გაკეთების საშუალება არ აქვს მიმღებს. ამასთან, თუ მიმღებმა სცადა წერილისთვის ფოტოს გადაღება, აპლიკაცია თქვენ ამის შესახებ შეგატყობინებთ", - ამბობს აპლიკაციის შემქმნელი.
გარდა ამისა, დათიკაშვილის თქმით, აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას შეცდომით გაგზავნილი შეტყობინება წაშალოთ მიმღების ტელეფონიდან მანამ, ვიდრე იგი მას გახსნის.
აპლიკაცია Privates-ი Iphone-ის მომხმარებლისთვის უკვე ხუთი კვირაა ხელმისაწვდომია.
როგორც თავად ნიკა დათიკაშვილი ამბობს, ამ აპლიკაციას უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ, მას დაახლოებით 20 000 მომხმარებელი უკვე ჰყავს.
ვინაიდან, აპლიკაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ნიკა დათიკაშვილი ამბობს, რომ აპლიკაციის კიდევ უფრო დახვეწას გეგმავს. კერძოდ, Privates-ის გაუმჯობესებული ვერსია უფრო უსაფრთხო და უფრო მარტივად გამოსაყენებელი იქნება.
თამთა ჯიჯავაძე
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian doctor living in the US creates revolutionary application for iPhone