სტიქიურად საშიში ზონები საქართველოში
საქართველოს გეოგრაფული მდებარეობის გამო, ქვეყანაში არაერთი სტიქიური ზონაა. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მიწისძვრების ზოლშია მოქცეული, ასევე ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული მეწყერსაშიში ზონაა.
სპეციალისტების თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აუცილებელია ყველა იმ სტიქიურ რისკ-ზონისთვის ყურადღების მიქცევა, რაც არცთუ იშვიათად გვხვდება საქართველოში. გეოლოგებს ამ ზონების დასახელება ვთხოვეთ:
მერაბ გონგაძე, გეოლოგი: "საქართველო მთიანი ქვეყანაა და აქ საფრთხისაგან და სტიქიისგან დაცული კუთხე სამწუხაროდ არ არის. სტიქიური რისკ-ზონებია კახეთის ორი მონაკვეთი - აღმოსავლეთ კავკასიონი და გომბორის ქედი. არაგვის ხეობა მთლიანად ღვარცოფულ-მეწყრული პროცესების ხელშემწყობი ზონაა. შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელოს ნაწილი - გორაკ ბორცვიანი ზოლი, შემდეგ სამცხეს გარკვეული ნაწილი, დასავლეთ საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი რეგიონია აჭარა. ეს ზონები მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარების უმთავრესი კერებია.
"მთაგორიანობა ბუნებრივი მომენტია, თუმცა ასეთი პროცესების წარმოქმნას ხელს ადამიანური საქმიანობაც უწყობს, საკმარისია გავიხსენოთ ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერაი სამეფოსი საქართველოსი", სადაც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები მეწყერზე, ანუ ქართველმა კაცმა, ჩვენმა წინაპარმა ძალიან კარგა იცოდა სად რა უნდა ეკეთებინა. რა თქმა უნდა, ტყეებსა და ხეებს რაღაც დოზით იყენებდნენ, მაგრამ სამრეწველო და ქვეყნიდან გატანის მიზნით არა. ძალიან ბევრი რამე არ ხდებოდა ისე, როგორც დღეს ხდება, სწორედ ამან გაამწვავა სიტუაცია".
რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი: "ამ მხრივ ერთ-ერთი საფრთხის შემცველი ზონა დურუჯის ხეობაა. აქ ხდება ღვარცოფული ნაკადების აკუმულირება და ქალაქი ყვარელი, ახლომდებარე სოფლები და სასოფლო-სამურნეო ტერიტორიები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა. ეს ადგილები გაცილებით საშიშია, ვიდრე იყო 13 ივნისის შემთხვევა, კავკასიის რეგიონში ეს ადგილი ბუნებრივი კატასტროფების მხრივ ერთ-ერთი საშიში ადგილია.
-რამ შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს?
-დურუჯის ხეობაში ყოველწლიურად მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალა ჩამოდის, ამის მიზეზია ზედა დინებაში დეგრადირებული ეკოსისტემები. ეს ისტორიული პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში დაიწყო. ყვარელში რამდენჯერმე მოხდა კატასტროფა, სამწუხაროდ იყო მსხვერპლიც. ილია ჭავჭავაძის დროს დაიწყო დამბების მშენებლობა. წლების განმავლობაში ეს დამბები თანდათან იზრდებოდა იმიტომ, რომ კიდევ გროვდებოდა ახალი მასალა.
საბოლოო ჯამში, ყვარლის თავზე წარმოიქმნა უზარმაზარი მთა, რომელიც ღმერთმა არ ქნას, რომ დაიძრას და ყვარლისკენ ერთდროულად წამოვიდეს, შესაძლოა ქალაქი დამარხოს. აქამდე გამოსავალი დამბების მშენებლობა იყო, თუმცა ეს მოკლევადიანი შედეგია, ამით უბრალოდ ხდება კატასტროფის გადავადება, მაგრამ ერთხელაც ვერ გაუძლებს და ცუდ შედეგს მივიღებთ, ამიტომ ჯობია ამ ინერტული მასალის გატანა, თუმცა ესეც ხარჯებთანაა დაკავშირებული. საჭიროა ყვარელი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს, რომ როცა კი საფრთხე გაჩნდება, დაიწყოს მოსახლეობის ევაკუაცია.
თეა ბეჟიტაშვილი