ბეშუმში შუამთობის დღესასწაულისთვის ემზადებიან
აჭარაში, მაღალმთიანი ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, დღეს შუამთობის დღესასწაული აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შუამთობაზე ბარად მცხოვრები მოსახლეობა ტრადიციულად იალაღებზე მყოფ მემთეურებს მოინახულებს და სახალხო ზეიმს მოაწყობს.
გაიმართება დოღი, ჭიდაობა, კულტურული ღონისძიებები, შუამთობის სტუმრებს აჭარული ტრადიციული სამზარეულოსა და რძის ნაწარმის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი და აჭარული დაწნილი ყველი შუამთობის გამორჩეული კერძებია.
ტრადიციულად დღეს ბეშუმში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს ელოდებიან. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივებს სიტყვით მიმართავს და სახალხო ზეიმს მიულოცავს. საზეიმო ღონისძიების დროს ახლად დაქორწინებულ წყვილებს დალოცავენ და ერთ-ერთ მოქალაქეს საპატიო ხულოელის წოდებით დააჯილდოებენ.
მაღალმთიან აჭარაში შუამთობა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება.