
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე საკასაციო საჩივრით მისი საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს. როგორც პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განაცხადა, სასჯელის შეცვლის მოთხოვნა საჩივრის დამატებითი არგუმენტია, ძირითადი მოთხოვნა კი საქმის ხელახლა სასამართლო განხილვას ეხება.
როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ისინი მიიჩნევენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ.
მაგდა პაპიძემ მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის განაჩენი გაასაჩივრა
"პრაქტიკულად სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ, რომ დაბრუნდეს საქმე საქალაქო სასამართლოში, ახალი ნაფიცი მსაჯულები იქნენ მოწვეულები და ხელახლა ჩატარდეს განხილვები. კანონის დარღვევით მიღებულ ვერდიქტში იგულისხმება ის, რომ ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოტანისას მოსამართლის მიერ მიცემული განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ, ვინაიდან ბავშვთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმეში ბუნებაში მტკიცებულებები არ არსებობდა.
აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაითვალისწინეს მოსამართლის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას და არა ეჭვებსა და ვარაუდებს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.