
დემურ სტურუას ოჯახის წევრები გამოძიებას კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობის დამალვაში ადანაშაულებს. სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, უკვე ცნობილია ალეტერნარიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ღამის 2 საათზე მოსულა 2 პოლიციელი და შეამოწმეს ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნანახი ყავდათ ხეზე ჩამოკიდებული, გაიარეს და წავიდნენ. არ ვეთანხმები მაგათ ექსპერტს, 7-ში აქვს თავი ჩამოკიდებული და 8-ში არის გატარებული ექსპერტიზა", - აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა. გარდაცვლილის ძმა კი ამბობს, რომ 22 წლის დემურ სტურუა სასტიკად იყო ნაცემი.
სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველი, გოდერძი თევზაძე, დემურ სტურუას სისტემატურად სცემდა და აიძულებდა, მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვინ ინახავდა მარიხუანას, რასაც მან ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მომხდარს დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურა იძიებს. გოდერძი თევზაძემ, რომელიც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში მოიხსენია, პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი გამოძიების დასრულებამდე კადრების განყოფილებაშია გადაცემული.
"გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების ფაქტს საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გამოეხმაურა. მისი თქმით, ის გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს.
"როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, რომელზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება, არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს მეც პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა სამტრედიაში მომხდარის კომენტირებისას.
საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.
"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მთავარმა პროკურატურამ და ყველა პირველი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს პროკურატურამ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება, იკვეთებოდეს სამართალდამცავების დანაშაული". -აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა.
"პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ ძალიან სწრაფად, მყისიერად დაიწყოს გამოძიება პოლიციამ, დაადგინოს ჭეშმარიტება და თუკი ამ ახალგაზრდის გარდაცვალებაში ვინმეს დანაშაული მიუძღვის, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ბუნებრივია, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ჯერ თითის გაშვერა არვისკენ არ შეიძლება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს საქმე პოლიციის ღირსების საქმეა, პოლიციის, რომლის მუნდირიც ჩვენთვის, ყველასთვის საპატივცემულოა და ერთი ან რამდენიმე ასეთი შემთხვევა არ უნდა აყენებდეს ჩრდილს პოლიციელის მუნდირს."-განაცხადა ალასანიამ.
დემურ სტურუას ოჯახს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა სწრაფი, ეფექტური გამოძიება და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა.
22 წლის სამტრედიელმა ახალგაზრდამ, დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 8 აგვისტოს დაასრულა.