თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს.
"თბილისის პროკურაუტრის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით. შესაბამისი განცხადება უწყებაში გუშინ შემოვიდა", - განაცხადეს პროკურატურაში.
აღნიშნული მუხლი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
არსებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენლებს კითხავენ.
"აქ კენედის მკვლელობა არ მომხდარა, აქ არის ერთმნიშვნელოვანი დანაშაული გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურების, ასევე დავით ნარმანიასი", - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თბილისის პროკურატურაში დაიბარეს ის პირები, რომლებიც ყაზბეგის 24-ში ხეების მოჭრის პროცესს შეესწრნენ.
"რა არის აქ გამოსაძიებელი? მივიდა ვიღაც კომპანია და მოჭრა საღსალამათი ხეები", - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც საკრებულოს დამოკიდებელი დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევაში მერიის განცხადება ანეკდოტურია და იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს ხეების მოჭრის ნებართვის გაცემამდე უნდა გაეკეთებინა.
"ერთია როცა ექსპერტი, თუნდაც არაკეთილსინდისიერი დებს დასკვნას, მაგრამ ამის შემდეგ წესი და კანონი ითვალისწინებს, რომ გამწვანების სამსახურს ადგილზე უნდა გადაემოწმებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცა ნებართვა. ხოლო ჭრის პროცესი უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელებულიყო. ეს ორი რამ არ შესრულებულა. ალბათ დიდი ფულის ტრიალი იყო და იმიტომ. გამწვანების სამსახურის უფროსი, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ამაზე, არ უნდა იყოს ასე სამაცხვინოდ სკამს ჩაბღაუჭებული", -განაცხადა ელისაშვილმა.
ყაზბეგის 24 ნომერში, გაჩეხილი ხეების ტერიტორიაზე პროკურატურის ექსპერტები საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან კომპანია "ორბის" წარმომადგენლები.
პროკურატურის წარმომადგენლები მერიასა და კომპანია "ორბიში" არიან შესულები. გამომძიებლები შესაბამისი ნებართვების და ხეების მოჭრის კანონიერებას შეისწავლიან.