
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. გუშინ საღამოს ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
"ის იწყებს უვადო შიმშილობას. მან პოლიციაში გამოცხადების დროს თქვა - მე მოვედი იმისთვის, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დავამტკიცო უდანაშაულობაო", - აღნიშნა გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.