
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება და და 37 000-მდე დარჩება. აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყვნენ.
"გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან", - განაცხადა სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, კაპანაძის თქმით, დასახულია საკმაოდ რეალისტური გეგმები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის თავდაცვაზე და არა შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე",- დასძინა ვახტანგ კაპანაძემ.