
კვების დეფიციტი ანუ "ფარული შიმშილი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში. არასაკმარისი კვება ხშირად სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება განსაკუთრებით, ბავშვებში. მათ შორის ანემიის, ჭარბწონიანობის, მცირეწონიანობის, ზრდაში ჩამორჩენის, მიკროელემენტების ნაკლებობას, გამოფიტვის და სხვა.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი საკვების დეფიციტით გამოწვეული დაავადებებით კვდება. რა კეთდება საქართველოში იმისათვის რომ ბავშვებმა სრულფასოვნად იკვებონ და როგორია ექიმების რჩევები, ამის შესახებ Allnews.ge ჯანდაცვის სამინისტროს და პედიატრებს დაუკავშირდა.
როგორც გავარკვიეთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 23 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტების გაცემა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დანამატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და იგი საქართველოს ყველა რეგიონში, "მედფარმაპლუსის" კონტრაქტორ აფთიაქებს მიეწოდათ. თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე გათვალისწინებულია 180 შეკვრა საკვები მიკროელემენტების ფხვნილი, რომელიც ერთჯერადად გაიცემა და ბენეფიციარს მისი მიღება ექიმთან ვიზიტის გარეშე შეუძლია.
ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია საკვების დეფიციტის პრევენციისთვის, რადგან არასრულფასოვანი კვების შედეგები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.
"დაახლოებით 15 მიკროელემენტს შეიცავს ფხვნილი, ნარევი, რომელიც სახელმწიფომ შეისყიდა. დანამატი დაფასოებულია ერთდოზიან შეფუთვებში. იგი ემატება სახლში მომზადებულ ნებისმიერ თბილ, მყარ და ნახევრადმყარ საკვებს, ჩვენ დანამატები შევისყიდეთ დაახლოებით 13 000 ბავშვისთვის. მომდევნო ეტაპებზე კი სხვა ინტერვენციები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რას გვიჩვენებს ნუტრიციული კვლევები საქართველოში. სახელმწიფო ზრუნავს მომავალ თაობაზე მუცლად ყოფნიდანვე. მაგალითად, ფეხმძიმე ქალებს უფასოდ, ფოლიუმის მჟავა და საჭიროების შემთხვევაში, რკინის დეფიციტისთვის შესაბამისი მედიკამენტები გადაეცემათ", - აღნიშნა დარახველიძემ.
პედიატრი ნატალია დგებუაძე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამას იწონებს, თუმცა, აცხადებს, რომ ვიდრე ბავშვი დანამატს მიიღებს, მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რა მიკროელემენტის ნაკლებობას განიცდის მცირეწლოვანი.
"საკვები მიკროელემენტების მიღება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ორგანიზმში მიკროელემენტები შემოწმდება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიკროელემენტების და ვიტამინების მიცემა უკუშედეგს იწვევს. თუმცა, ეს დანამატები მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც კვების დეფიციტს განიცდიან", - აღნიშნა დგებუაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტის მაია ხერხეულიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკვები მიკროელემენტების მიღება მნიშვნელოვანია, რათა არ განვითრდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ანემია, რაქიტი, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა.
"ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ თუ 2 წლამდე ბავშვს რკინის ძლიერი დეფიციტი აღენიშნება, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სასკოლო მოსწრებაზე და კონცენტრაციის უნარი დაირღვეს" - ამბობს მაია ხერხეულიძე
როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი მთელი დღის განმავლობაში? რჩევებისთვის პედიატრს ნაზი კუნჭულიას მივმართეთ. მისი თქმით, ბავშვებში აუცილებელია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
"ბავშვმა, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული რაოდენობით უნდა მიიღოს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. თუმცა, მათი დღის რაციონში აუცილებლად უნდა შევიდეს ვიტამინებით გაჯერებული საკვები", -ამბობს ნაზი კუნჭულია.
პედიატრი დედებს ურჩევს, რომ ბავშვის დღის რაციონი ჯანსაღი და სასარგებლო საკვებით დატვირთონ, როგორიცაა ქათმის და საქონლის ხორცი, ხილი და ბოსტნელი, ან მათ მიერ მომზადებული ფაფები. ასევე, თევზი ძალიან სასარგებლოა ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის.
ნარიტა ჩხაიძე