30 კვირა - 2025, მარტი

ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ახალი დეტალები გაირკვა | Allnews.Ge

ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ახალი დეტალები გაირკვა

ტრანსგენდერ ქალზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ძალადობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებულ ზიზიზე (ზურაბ შეყილაძე) თავდასხმის დეტალებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა ანა სიგუამ ისაუბრა.

"ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დაზარალებულ ზიზისთან (ზურაბ შეყილაძესთან), რომელსაც იცნობდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მისვლის მიზანი იყო ზიზის ერთ-ერთ მეგობარ გოგოსთან არსებული უთანხმოების გარკვევა, რომელიც ორსულადაა ბრალდებულისგან. მურჯიკნელმა ზიზისთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლი.

საუბარში ზიზიმ მურჯიკნელს უთხრა, რომ თავი დაენებებინა ამ გოგოსთვის, რათა მას ემუშავა სექსმუშაკად, რასაც მურჯიკნელის გაღიზიანებდა მოჰყვა. ზიზიმ მურჯიკნელს შეურაცხოფა მიაყენა, რასაც საპასუხო აგრესია მოჰყვა ბრალდებულისგან. კერძოდ, მურჯიკნელმა ბეტონის ფილა ჩაარტყა ჯერ თავში და შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ სუნთქავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა დაჭრილს ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში და მიიმალა", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღობისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა და ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ანა სიგუამ პროცესზე განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, არსებობს საფრთხე, რომ მან თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბრალდებულისგან ორსულადაა და გამორიცხული არაა, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე.

ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა ის პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია და გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და იქედან გამომდინარე, რომ მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა, ეს ამყარებს წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველს.