მოქმედებს თუ არა ახალშობილების სახელებზე აკრძალვები საქართველოში და როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა
საქართველოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ტრადიციული სახელების პარალელურად, ისეთ სახელებს წააწყდებით, როგორიც ალერსა, ავხანჯალი, აზრყვავილა, აიტანა ან თუნდაც ამონ-რა-ტოტ-აკერ-შუ-ელ-საკხია.
მოქმედებს თუ არა რაიმე შეზღუდვები ახალშობილების სახელებზე და როგორ სახელებს არ დააკმაყოფილებს საჯარო რეესტრი? ამ კითხვით ALLNEWS.GE-მ იუსტიციის სახლს მიმართა.
უწყების წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის სახელზე შეზღუდვა არ არსებობს, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ის შეურაცხმყოფელია ან საზოგადოებისთვის მიუღებელი. ამასთანავე, სახელი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის ნიშანს, სხვა ყველა შემთხვევაში საჯარო რეესტრი სახელს განხილვის გარეშე არეგისტრირებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახელი არ გაკმაყოფილებთ, 18 წლამდე იმდენჯერ შეგიძლიათ სახელის გადარქმევა, რამდენჯერაც მოგინდებათ, მაგრამ სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისას მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ გექნებათ.
ALLNEWS.GE დაინტერესდა როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების მიხედვით, ჯამში 50 სახელია აკრძალული.
დანია
დანიაში ბავშვის სახელების სპეციალური სიაა შედგენილი. ამ ქვეყანაში ცხოვრების შემთხვევაში, ბავშვის დაბადებისას მხოლოდ უკვე დადგენილი 7 ათასი სახელიდან გექნებათ ახალშობილისთვის თქვენთვის სასურველის შერჩევის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ არსებულ სიაში საინტერესო ვერაფერი ნახეთ, თქვენი სახელის ისტორია კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სახელის კვლევის დეპარტამენტს უნდა შეამოწმებინოთ. ყოველწლიურად 1000 სახელის გადასინჯვა ხდება, მოთხოვნათა 20%-ი კი უარყოფილია.
საფრანგეთი
საფრანგეთში დაბადების მოწმობის ადგილობრივმა რეგისტრატორებმა სასამართლოს იმ შემთხვევაში უნდა მიმართონ თუ ახალშობილისთვის შერჩეული სახელი მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სასამართლოს შეუძლია აღნიშნულ სახელზე შეზღუდვა დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის რომ სახელი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცინვის სააბი შეიძლება გახდეს.
გერმანია
გერმანული შეზღუდვების მიხედვით, ახალშობილს არ უნდა დაარქვან: გენდერულად ნეიტრალური, საგნის, პროდუქტების სახელები. ასევე სახელები, რომლებიც ბავშვის კეთილდღეობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და მისი დამცირების საბაბი გახდება.
ისლანდია
ისლანდიაში დანიის მსგავს პროცედურებს გადიან, რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვის დაბადებიდან 6 თვეში ახალშობილის სახელი საჯარო რეესტრთან უნდა შეთანხმდეს. იმ შემთხვევაში თუ სახელი უკვე არსებულ სიას არ განეკუთვნება, მშობელმა მასზე ნებართვის მიღება ისლანდიის სახელების კომიტეტში უნდა სცადოს. თუმცა, მსურველთა ნახევარი კომიტეტისგან უარს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო იღებს. მოთხოვნებში კი გრამატიკასთან შესაბამისობაში მყოფი სწორი ორთოგრაფიული დამწერლობა და ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შედის.
მალაიზია
ქვეყანაში აკრძალულ სახელთა სია მოქმედებს, რომლის რიცხვს, ცხოველების, რიცხვების, სამეფო ან საპატიო სახელები და უცენზურო სიტყვები განუთვნება.
მექსიკა
მექსიკაში 61 სახელია აკრძალული - მათ შორის, აზრს მოკლებული სახელები და ისეთები, რომლებიც ბავშვს დაცინვისა და ბულინგის სამიზნედ აქცევს.
ახალი ზელანდია
ქვეყანაში მშობლებს იმ სახელების დარქმევა აუკრძალეს, რომლის დამწერლობაც 100 სიმბოლოს აღემატება, ასევე, ტიტულსა და ოფიციალურ სახელს წარმოადგენს.
პორტუგალია
პორტუგალიაში ახალშობილის სახელი ტრადიციული, სქესის შესაბამისი და სრული უნდა იყოს. მშობლებისთვის საქმის გასამარტივებლად ხელისუფლებამ 82- გვერდიანი აკრძალული და ნებადართული სახელების სახელმძღვანელო შექმნა.
საუდის არაბეთი
ქვეყანაში 50-ზე მეტი სახელი აკრძალეს, რომელიც სოციალურ და რელიგიურ ტრადიციებს არ შეესაბამება, ზედმეტად არაეროვნულია და ღვთის გმობას შეიცავს.