
სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატსა და პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, მოქმედი "შრომის კოდექსი" არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ოდენობას.
მათივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მომსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი, ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც სახალხო დამცველის და პროფკავშირების შეფასებით, ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლიან და ადეკვატურ ანაზღაურებად.
მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი 130 282 ადამიანს. სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია. მათ შორის არის ის, რომ პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება, საქართველოს ორგანულ კანონში, "საქართველოს შრომის კოდექსში" შეტანილ იქნას ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია. შესაბამისი კვლევის საფუძველზე განისაზღვროს სამართლიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა. პროფკავშირების მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან და იგი უნდა განისაზღვროს არანაკლებ საშუალო ხელფასის 30%-ის ოდენობით.
რეკომენდაციების მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება, ასევე მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექტიამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კონკრეტული სანქციები.
რეკომენდაციების მიხედვით საქართველოს ორგანულ კანონში - "საქართველოს შრომის კოდექსში" უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიური გადახედვით მექანიზმი, ხოლო ამის ვალდებულება უნდა დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პრემიერს
"კერძო სექტორში 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი და საჯარო სექტორში არსებული მინიმალური ანაზღაურება - 135 ლარი, არაადეკვატურია და ამის გადახედვა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო "ამბასადორში"ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად წარადგინა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში ისინი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ითხოვენ.
"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაარეგულიროს ეს საკითხი. არსებობს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო კონვეცნია, რომლის მონაწილე ასევე არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.
20 ლარი მინიმალური ხელფასი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არადეკვატურიც. 1999 წელს დაწესებული ეს ოდენობა არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე მისი გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ასევე, საჯარო სექტორში არსებული მინიმალური ანაზღაურება 135 ლარი, რომელიც 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა, ესეც მე ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით უფრო მეტი არის. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ არის აუცილებელი. პირველ რიგში ჩვენ სწორედ პოლიტიკის შეცვლას და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.