გრიპის ვირუსი გააქტიურდა - არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი
ზამთარში, ტემპერატურის კლებასთან ერთად გრიპის ვირუსიც აქტიურდება. ყველაზე რთული პერიოდი დეკემბრიდან მარტის თვემდეა. გამონაკლისი არც ეს სეზონია. თუმცა კონკრეტულად რომელი ვირუსია აქტიური ამ სეზონზე და ვინ წარმოადგენს რისკ-ჯგუფს, Allnews.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა.
-ახლა გავრცელებულია სეზონური გრიპის ვირუსი H3, ამას გარდა, თანაცირკულაციაში გამოჩნდა B ვირუსი, რომელიც ასევე ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსია.
-რა სიმპტომები ახლავს ამ ვირუსს?
-გრიპის სიმპტომია უცბად დაწყებული მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაციის ფონი, ხველა და ყელის ტკივილი.
-რამდენ ხანს გრძელდება ამ ტიპის გრიპის ვირუსი?
-გრიპი როგორც წესი, გრძელდება 7 დღე, ანუ ერთი კვირა და ერთი კვირის თავზე, შემთხვევათა უმეტესობა გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი, ანუ ორგანიზმის სრული აღდგენა ცოტა უფრო გახანგრძლივებულია, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსების დროს.
-ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს?
-უფრო მეტად ავადდებიან ბავშვები და ხანდაზმულები. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მოზრდილ და შუა ასაკის მოსახლეობას, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, B ტიპის ვირუსი უფრო მეტად აზარალებს ხანდაზმულებს, ხოლო H3 ბავშვებს.
-როგორც ცნობილია, ტარდება გრიპის ვაქცინა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია?
-არსებობს გრიპის სეზონური ვაქცინა, რომელიც შეიცავს 3 ან 4 კომპონენტს. 3 და 4 კომპონენტიანი ვაქცინა იმისთვის იქმნება, რომ წინასწარ არავინ იცის, რომელი ქვეტიპი იქნება დომინანტური სეზონის განმავლობაში, ამიტომ ეს ვაქცინა ვირუსების სამ შესაძლო ვარიანტს შეიცავს, რომელიც შეიძლება დატრიალდეს მსოფლიოს მოცემულ ტერიტირიაზე, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სამხრეთ ნახევარსფეროსთვის ცალკე იქმნება ვაქცინები.
ვაქცინა უფასო არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ წელს 20 000 დოზა შეიძინა განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიის ადამიანებისთვის და მათი ვაქცინაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
-იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი თავიდან ავირიდოთ, რა უნდა გავაკეთოთ?
-ყველაზე კარგი ვარიანტია ვაქცინაცია, რომლის ჩატარების შემთხვევაში გრიპის შეხვედრის ალბათობა დაბალია. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუ ადამიანი აცრილი არ არის და ავად გახდა, საჭიროა ის დარჩეს სახლში, მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, აუცილებლად გაანიავოს როგორც საცხოვრებელი სახლის ოთახები, ისე სამუშაო ოთახი.
უკეთესია სახლის სველი წესით დალაგება.
ყველაფერ ამის პარალელურად სწორი ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა არა მარტო გრიპის, არამედ სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის კარგი საშუალებაა.
-გრიპის ეპიდემიის რისკი რამდენად არსებობს?
-ამის რისკი არ არსებობს. რა თქმა უნდა, გრიპის შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ უმეტესი შემთხვევა ყოველგვარი სამედიცინო დახმარების ჩარევის გარეშე დასრულდება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, ძალიან იშვიათ შემთხვევაში კი ეს შეიძლება დასრულდეს ლეტალურად, თუმცა ვიმეორებ, ასე ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.
თეა ბეჟიტაშვილი