2017 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები
ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სწორედ ამიტომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის 20-ზე მეტი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა საერთო ღირებულება 66 მილიონ ლარზე მეტია.
დაფინანსების წყარო უმეტესად უცხოური ფინანსური ორგანიზაციებია.
დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი, რაც ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაციას გულისხმობს. მისი ღირებულება 13 300 000 ლარია. პროექტის დასრულება 2019 წლის მარტში იგეგმება. საპროექტო ტერიტორია დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთს მოიცავს.
პროექტით განსაზღვრულია შერჩეული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს პარკის, ტროტუარების, გაზონების, გარე განათების, დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. აგრეთვე, განიხილება ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, ამ მონაკვეთში არსებული ხიდების განახლება და პარკინგის მოწყობა.
ასევე, 13 მილიონიანი პროექტია დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება.
მისი დასრულება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. მსოფლიო ბანკი პროექტს 13 260 000 ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების ფასადების რეაბილიტაცია და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის, ტროტუარებისა და განათების მოწყობა.
დუშეთთან არის დაკავშირებული მესამე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტიც.
დუშეთის არქეოლოგიური ბაზის შენობის რეაბილიტაციის, საექსპოზიციო სივრცის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, ჭილაშვილის სასახლის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკი 7 735 000 ლარს გამოყოფს. პროექტი, რომელიც 2018 წლის ივნისში დასრულდება, შემდეგს გულისხმობს: სასახლის შენობის სრულო სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის ტერიტორიის სრული მოწესრიგება და მისასვლელი გზის და ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამას გარდა, 2017 წელს სამი პროექტიის დაწყებაა დაგეგმილი, რომელთა ღირებულება 4-4 მილიონი ლარია. აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია და მისი დასრულება 2018 წლის თებერვალშია დაგეგმილი. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საპირფარეშოები, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
ბორჯომის ისტორიული მუზეუმის რესტავრაციას მსოფლიო ბანკი 4 200 000 ლარით აფინანსებს.
პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება. იგი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული მუზეუმის შენობის სრულ რეკონსტრუქციასა და საექსპოზიციო სივრცეების მოწყობას.
მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მსოფლიოს ბანკის მიერ 4 420 000 ლარად დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია. მისი დასრულება 2018 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი.
2017 წელს დიდი ყურადღება მიექცევა ზამთრის კურორტების რეაბილიტაციასაც.
წლის მეორე ნახევარში დაიწყება მიტარბის გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება. პროექტის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს ბაკურიანი-მიტარბის გზის რეაბილიტაციას, დიდველის საბაგიროსთან არსებული პარკინგის გაფართოებას და დამხმარე შენობების მშენებლობას.
მათ შორის იქნება ბილეთების ჯიხური, ადმინისტრაციის შენობა, შესანახი ყუთები.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში 3 000 000 ლარი დაჯდება. მისი დასრულება 2019 წლის მარტში მოხდება. პროექტი გულისხმობს როგორც პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე პარკთან არსებული ობიექტების (საციგურაო და სპორტული მოედნები) რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის შემოღობვას, ორი ღია ავტოსადგომის მოწყობას, სწრაფი კვების ობიექტების განთავსებას, ცენტრალური პარკის დაგეგმარებას, ბავშვთა სათამაშო მოედნების, საპირფარეშოების, პარკის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო დაფების მოწყობას.
2017 წელს დაიწყება და ამავე წელს დასრულდება ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობა. მისი ღირებულება 928 621 ლარია. საპროექტო ტერიტორია, რომლის სიგრძე 2700 მეტრს შეადგენს, დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, წრიული სამანქანო გზის მიმდებარედ. პროექტი ითვალისწინებს 2-2,5 მეტრის სიგანის საფეხმავლო/საველოსიპედე გზის, სანიაღვრე კოლექტორების, სხვა ხელოვნური ნაგებობების, მოსასვენებელი ფანჩატურების, სკამების, სანაგვე ურნებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობას.
მსოფლიო ბანკი 2 200 000 ლარით დააფინანსებს ზარზმის მონასტრის კონსერვაციას და ძველ წყაროსთან მისასვლელი ბილისკის რეაბილიტაციას. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება. საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს სოფელ ზარზმაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. პროექტი მოიცავს მონასტრის დაზიანებული სახურავის კონსერვაცია/რეაბილიტაციას, ისტორიული წყაროს კონსერვაცია/რეაბილიტაციას, წყაროსთან მიმავალი გზის/ბილიკის მოწყობას.
ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯვრის მონასტერთან 2 431 000 ლარი დაჯდება. ამ პროექტსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ის მონასტერთან ტურისტული ობიექტის მშენებლობას გულისხმობს.
დუშეთის პარკის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 2 275 292 ლარით დააფინანსებს და ის 2017 წლის ოქტომბერშივე დასრულდება. პარკის ტერიტორიის რეაბილიტაცია გულისხმობს: ბილიკების, ურნების, სკამების, და განათების მოწყობას. ასევე, პარკის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის ფასადის მოწყობას.
2017 წლის მარტში დაიწყება ერთწლიანი პროექტი - ვარძიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის ბიუჯეტი 1 850 000 ლარია. პროექტი მოიცავს არსებული საპირფარეშოების რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო შენობის მოწყობას, სადაც განთავსდება საგამოფენო სივრცე, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი და დამხმარე ოთახები. პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული პარკინგის გაფართოება, რეგიონისათვის დამახასიათებელი ტერასების მოწყობა ვაზის იშვიათი ჯიშების მოსაყვანად და მტკვარზე გადასასვლელი ხიდიდან, სოფელი მირაშხანის მიმართულებით გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხერთვისის ციხის კომპლექსთანაც. პროექტის ღირებულება 1 650 000 ლარია და ის 2019 წლის სექტემბერში დასრულდება. სპონსორი კი მსოფლიო ბანკია. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასპინძა-ვარძიის გზაზე, მდინარეების მტკვრისა და ფარავნის შეერთების ადგილას. შესასრულებელი საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკინგის, ციხის ქვედა გალავნის შესასვლელისაკენ მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის, კაფის, ადმინისტრაციის შენობის, საპირფარეშოების და შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე ბილიკების, მოსასვენებელი სკამების, ურნებისა და გარე განათების მოწყობას.
წყალტუბოში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოკლევადიანი პროექტია და ის 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. მსოფლიო ბანკი 1 226 804 ლარით აფინანებს წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაციას.
2017 წელს დაგეგმილი სხვა შედარებით დაბალბიუჯეტიანი პროექტებია: ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ომალოში სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, სტალინის ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა რესტავრაცია. 2017 წელსვე არის დაგეგმილი ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
ნანა მღებრიშვილი