
აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარის რამდენიმე ე.წ გამშვები პუნქტი შესაძლოა გაუქმედეს, შედეგად, მოსახლეობას მხოლოდ მდინარე ენგურის ე.წ გამშვები პუნქტით სარგებლობის საშუალება ექნება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. სახალხო დამცველის მრჩეველი მედეა ტურაშვილი რადიო "პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, რომ ე.წ გამშვები პუნქტების გაუქმება ადგილობრივ მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის:
"სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ ცხოვრებაზე. მეორე პრობლემა, რაც შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს, დაკავებების გაზრდილი რაოდენობაა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობისთვის ძალიან რთულია ენგურის ხიდამდე ჩასვლა, მათ შესაძლოა, არაოფიციალური საფეხმავლო გზებით ისარგებლონ და ამან დაკავებების რიცხვი გაზარდოს."
მედეა ტურაშვილი ასევე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. რუსეთს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობასაც.
"გამომდინარე იქიდან, რომ საქართელო ვერ ახორციელებს კონტროლს, მისი პასუხისმგებლობაა მოლაპარაკებების პროცესში რეგულარულად და მწვავედ დააყენოს ადგილობრივების საჭიროებები და მათი უფლებების დაცვა. ეს საკითხი ჰუმანიტარულ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა პოლიტიკურში",-განაცხადა მედეა ტურაშვილმა.
აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი ე.წ გამშვები პუნქტის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა პარტნიორ მხარესთან, რათა ისინი ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და გადაადგილების პირობები მოსახლეობას არ გაურთულდეს.
"სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია ჩვენ გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ ხაზზე დაიკეტება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები. ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა შემთხვევა, როცა ორი საფეხმავლო გადასასვლელი დაიკეტა, ახლა იყო განცხადება, რომ კიდევ ორი შეიძლება დაიკეტოს ე.წ. ქვედა ზონასთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია.
ჩვენ მყისიერად და ყოვედღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს განცხადება არ მოვიდეს სისრულეში" - განაცხადა ციხელაშვილმა
ცვლილებას ნეგატიურად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, გადაადგილების ისედაც რთულ მდგომარეობას, ე.წ გამშვები პუნქტების გაუქმება კიდევ უფრო დაამძიმებს.
"დედაჩემი დადის, ხშირად გადადის-გადმოდის. ჯერჯერობით ჩვეულებრივად გადადიან, მაგრამ ამბობენ რომ დაიხურება გამშვები პუნქტები. ტრანსპორტის გარდა ჯანმრთელობის პრობლემებიც იქნება, შორსაა და გადაადგილება ძვირია, კერძო ტაქსების გამოყენება დაგვჭირდება. რაც შეეხება საცობებს, ისედაც არის და თუ ეს ცვლილება მოხდება, უფრო რთული გახდება გადასვლა" – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"ერთი ძმა მყავს იქ, მაგრამ ხშირად ვერ დავდივარ. პრობლემა ძირითადად იმათ ექმნებათ, ვისაც პასპორტი არ აქვს. ძალიან გართულებულია გადასვლა მას შემდეგ, რაც რუსები დადგნენ, ადრე შედარებით მარტივი იყო. ახლა თუ წესრიგში არ გაქვს საბუთები, მომაკვდავიც რომ იყო, არ გამოგიშვებენ."
დაანონსებული ცვლილებებს აფასებენ ექსპერტებიც. კავკასიის სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ კონკრეტული პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს პრობლემურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
"ძირითადი მასა გადაადგილდება ცენტრალური ე.წ გამშვები პუნქტიდან, მაგრამ მაინც შეიქმნება მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ პუნქტს არ აქვს იმდენი გამტარობა, რომ ყველამ შეძლოს გადადგილება, რაც რა თქმა უნდა პრობლემაა. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს, ჩემი აზრით შესამუშავებელია გალის რაიონთან დაკავშირებით ცალკე სახელმწიფო პოლიტიკა." - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
ხოლო ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მთავრობამ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩააყენოს და მათი ყურადღება მიიქციოს.
"პუნქტები ბუნებრივად იყო განლაგებული ისე, რომ მოსახლეობისთვის შედარებით ადვილი ყოფილიყო საზღვრის გადაკვეთა. ეს ცვლილება გამოიწვევს აქეთ გადმომსვლელების კონცენტრირებას ენგურის ხიდთან და თან ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ძალიან შორიდან უნდა მოვიდნენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, არანაირი მექანიზმი არ აქვს გარდა იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამცნოს ამის შესახებ" - განმარტავს მამუკა არეშიძე.
5 გამშვები პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 29 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდება, თუმცა, ზუსტად როდის ამის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ნარიტა ჩხაიძე