თბილისის ყველაზე ხალხმრავალი და ძველი უბნები
თბილისში, ამჟამად როგორც საქართველოს ისე უცხოეთის 1 165 196 მოქალაქე ცხოვრობს, საქართველოს მოსახლეობა კი სულ 3, 720,4 ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი.
თბილისი ერთგვარ აგლომერაციად იქცა, რომლის მოსახლეობა, როგორც უცხოეთიდან და ქვეყნის რეგიონებიდან უნივერსიტეტებში სასწავლად ჩამოსული სტუდენტებით, ისე სამსახურის საძიებლად ჩამოსული მოქალაქეებით, წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, ქალაქი ურბანულად კიდევ უფრო ვითარდება. მოსახლეობის სიმრავლის გამო საცობები, გადატვირთული მოძრაობა, მშენებლობისგან ჩაკეტილი ქუჩები მისი განუყრელი ნაწილი გახდა.
თბილისის რომელი უბნებია ყველაზე ხალხმრავალი და რა ისტორია აქვს თითოეულ მათგანს?
ამის შესახებ Allnews.ge სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გთავაზობთ.
1. "სამგორი" თბილისის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია 168 801 მკვიდრით. იგი თბილისს 1951 წელს შეუერთდა, როდესაც მდინარე ივრის წყალი, სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე.წ "თბილისის ზღვა" შეიქმნა.
2. "გლდანის" მოსახლეობა 164 229 ადამიანს შეადგენს. რაიონის შესახებ ისტორიული მონაცემები მე-15 საუკუნიდან არსებობს! ამ პერიოდში მისი ნაწილი კახეთის, ხოლო ნაწილი "სვეტიცხოვლის მონასტრის" საკუთრება იყო. ისტორიული მოვლენების ცვლილებასთან ერთად, ცხადია, გლდანმა სახეცვლილება განიცადა და მისი რვა მიკრო-რაიონი სოფელ გლდანთან ერთად, ახლა დედაქალაქის შემადგენლობაშია.
3. "ნაძალადევის" მოსახლეობა 161 088 მკვიდრს შეადგენს. ალბათ, გაინტერესებთ, საიდან მოდის ეს სახელწოდება? საქმე იმაშია, რომ თბილისსა და ფოთს შორის, 1872 წელ,ს რკინიგზის გახსნის შემდეგ, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო და რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად მიწებს უნებართვოდ იკავებდა და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც შესაბამისი სახელწოდება მიიღო.
4. "საბურთალოზე" 151 060 მოსახლე ცხოვრობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, რაიონმა განვითარება XI-XIII საუკუნეებში დაიწყო, XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა, ხოლო 1917 წლიდან უშუალოდ დედაქალაქის ნაწილი გახდა.
5. "ისანი" მოსახლეობის სიმრავლით, თბილისის რაიონებს შორის, მე-4 ადგილს იკავებს, რადგან აქ 137 588 პირი ცხოვრობს. "ისანი" ისტორიული ბანია, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და წყაროებში პირველად XI საუკუნეშია მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ბოლოს "ისნის" სახელწოდება "მეტეხი" გახლდათ.
6. "ვაკეში" ამჟამად 113 215 მოქალაქე ცხოვრობს. რაიონში ურბანული სამუშაოები გამუდმებით მიმდინარეობს. მშენებლობა, ქუჩების შევიწროება და გადატვირთული მოძრაობა, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მუდმივი უკმაყოფილების საგანია. სახელწოდება "ვაკე" XIX საუკუნეში გაჩნდა, თბილისს კი 1906 წლის იანვარში შემოუერთდა, მანამდე უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა.
7. "ჩუღურეთში" 78 060 ადამიანი ცხოვრობს. ის თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და წყაროებში პირველად, 1707 წელს "სოფელ ჩუხურის" სახელით იხსენიება. უბანი ქალაქს 1824 წლიდან შეუერთდა.
8. "დიდუბეც" ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანია, 73 227 მკვიდრით. უბანი თბილისს 1870-იანი წლებიდან შეუერთდა, მისი თავდაპირველი სახელწოდება "ცხენის ტერფი" იყო (მეხუთე საუკუნე), შემდეგ კი "დიდი დუბე" -დიდი ვაკე, სწორი, დაცემული ადგილი ეწოდა.
9. "მთაწმინდაზე" 61 194 მოქალაქეა დასახლებული. ის თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. "მთაწმინდაზე" გაშენებულია უძველესი უბანი "სოლოლაკი," რომელსაც "სოლოლაკის ქედის" დასავლეთ და "მთაწმნდის ქედის" სამხრეთ კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ასევე "კოჯრის," "ასათიანის," "ამაღლების," "ჭონქაძისა" და "ლეონიძის" ქუჩები უკავია.
10. "კრწანისი" 56 734 მოქალაქითაა დასახლებული. უბანი ფეოდალურ ხანაში სოფელი გახლდათ და წყაროებში პირველად XIV საუკუნეში, საკათალიკოსო სოფლად იხსენიება. ის ისტორიულ დატვირთვას ატარებს, რადგან "კრწანისის" ველზე 1795 წელს სპარსეთისა და ქართლ-კახეთის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა.
თბილისი ზრდასა და განვითარებას განაგრძობს, თუმცა ბოლო პერიოდში მის შემადგენლობას ახალი რაიონი არ შეერთებია.
მარიამ მენაბდიშვილი