
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული პროცესი ქედის მონაკვეთზე დაფიქსირდა, რის შედეგად ერთი საათის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდული იყო.
როგორც საავტომობილო გზების აჭარის რეგიონული სამსახურის უფროსი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისათვის გადაადგილება შესაძლებელია.
"ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. თოვლისა და მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, თუმცა გზის გასუფთავება ტექნიკით სწრაფად მოხერხდა. ბათუმი-ახალციხის მიმართულებით 10 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ჩვენი თანამშრომლები დღედაღამე ინტენსიურად მუშაობენ, რათა გადაადგილების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას", - განაცხადა საავტომობილო გზების აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსმა ზურაბ სიხარულიძემ.