
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გუშინ დააკავეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, იმის გამო, რომ მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის წერილზე მოაწერინა, მას საზოგადოებამდე საკუთარი სიმართლის მიტანის უფლება არ აქვს, -"აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას ვერ დავარღვევ. გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ.
დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მეშვეობით ჩვენს სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართავ თხოვნით, ვინაიდან საზოგადოება არ იყოს ცალმხრივად ინფორმირებული და არ მოხდეს საზოგადოებისთვის ერთი მხარის პოზიციის დაჯერება,"-განაცხადა მან.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ, თავი შეიკავა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კომენტარს ის სავარაუდოდ დღეს გააკეთებს.
მომხდარს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოეხმაურა, მისი განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის სამსახურში ჩართულობის შემდეგ ყველაზე დიდი დისკომფორტი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, და მის საქმეებს შეექმნა. მან შესაბამის უწყებებს სთხოვა, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული.
ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე
"დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშანი იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა. ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხი, არსებულ არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობაზე, რომელიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას და პიროვნებას უკავშირდება, ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის სახით.
არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობის სახით, სამწუხაროდ, არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ,"-განაცხადა მან.
კომენტარი მამა შალვა კეკელიამაც გააკეთა. მისი თმით, პატრიარქი ისეთ რამეს იტყვის, რაც ყველას და ყველაფერს დაგვილაგებს,-"პატრიარქი ყოველთვის აკეთებს ისეთ განცხადებას, გამოსავალს პოულობს. ვერც კი ვფიქრობ, რას იტყვის პატრიარქი.
წლებმა გვაჩვენა, პატრიარქი ყოველთვის ისეთ განცხადებას აკეთებდა, არავინ ველოდით ასეთ პასუხს თუ გასცემდა ოდესმე ამ კითხვებს. მაგრამ პატრიარქი სულ ისეთ პასუხებს სცემდა...რადგან მას ღვთისგან აქვს ეს აზრიც, ფიქრი, შეხედულებები მიცემული.
ჩემთვის ყველაფერი შოკისმომგვრელია.
არ ვიცი ეს რამდენად სწორია, არ არის სწორი, ამას ვერ განვსჯი, ამ თემასთან დაკავშირებით ვერც ვერაფერს ვიტყვი, რადგან, მამა გიორგი სასულიერო პირია, მღვდელია. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ყველაფერი არ დადგინდება, ცილისწამება უმძიმესი ცოდვა არის. შოკში ვარ ამ ყველაფრით,"-აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გამოქვეყნა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომელიც მან პატრიარქს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ გაუგზანა.
დეკანოზი ანდრია თურმანიძე - მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, ტყვიას გადაეფარება
მისი აუთენტურობა დადასტურებული არ არის. წერილში საუბარია, რომ საქართველოს საპატრიარქოს 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელები ორგანიზაციები (შპს), რომლებიც ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას: მაგალითად, ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავება, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები და სხვა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები საქმიანობას კანონის დარღვევით ეწევიან, რაშიც დაინტერესება საერო პირებს აქვთ,-"მაგ.: თბილისის №1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ROOMS-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს არ იღებს,"-ნათქვამია წერილში.
"თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემ მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს,"-აღნიშნულია წერილში და ავტორი, პატრიარქს მოუწოდებს, რომ ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი - პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებია
მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს "ზღაპრებს" უწოდებს. მისი თქმით, უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი,-"თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?"-განაცხადა მან.
მეუფე იაკობმა ასევე განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ პატრიარქმა იცის, თუმცა, პროკურატურის განცხადება არ მოუსმენია და არც არავის უთქვამს,-"ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ხედავთ. ძალიან ბევრია განრისხებული და გაბრაზებული ადამიანი. რომ ჩამოვალთ, ჩვენც ჩავებმებით გარკვევაში. რაღაცების საქმის კურსში ვართ. ალბათ, ჩვენგანაც მიიღებენ და თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან არ დარჩებიან უყურადღებოდ.
მე პირადად იმ აზრზე ვარ, რომ აქ არ შეიძლება ვინმეზე ხელის დაფარება. უწმინდესის ხასიათი ვიცი და იტყვის, ვაპატიოთ ყველას. შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ,"-აღნიშნა მან.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არ დაუფიქსირებია,-"ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს,"-აღნიშნავენ საპატრიარქოში.