ვინ არის ქიბარ ხალვაში და რა ქონებას ფლობს იგი?
ტელეკომპანია "რუსთავი 2" უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიაზე დავა სასამართლოში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალვაშის თქმით, მას "რუსთავი 2-თან" მიმართებაში მხოლოდ ბიზნეს ინტერესები აქვს.
Allnews.ge დაინტერესდა, რა კაპიტალს ფლობს ქიბარ ხალვაში. სხვადასხვა მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში რამდენიმე კომპანიის მფლობელი და მეწილეა.
ის შპს "პანორამას" ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი და "სხივი Xxi-ის" დამფუძნებელია. იგი ასევე შპს "კონტურის" წილის 33%-ს, შპს "არტის" 28%-ს, შპს "აი დის" 35%ს, შპს "არტი ჯგუფის" 44%-ს, შპს "ეს-ტურის" 40%-ს, შპს "როსერის" 33% და შპს "ვატმან ჯორჯიას" 70%-ს ფლობს.
ჩამოთვლილი კომპანიების საქმიანობის სფეროები სამომხმარებლო პროდუქტით ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვების ადგილების მოწყობა, ყველა სახის საქონლის ან მოწყობილობების იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ინვესტიციების განხორციელება, ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტი, იურიდიული კონსულტაციები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, სარემონტო სამუშაოები და სხვა საქმიანობებია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო, - "ხალვაში "პროქტერ & გემბლის" სადისტრიბუციო ქსელს და "პეპსის" ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა," - ნათქვამია ორგანიზაციის 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ეხებოდა.
საქართველოში ქიბარ ხალვაშის ბიზნეს პარტნიორები თამაზ ნიჟარაძე, ჯემალ ინაიშვილი, გურამ გოგუა, ნიაზ ხალვაში, თამაზ ბერიაშვილი, ივანე რუაძე, მუსა ენგინი, შოთა ხარაზიშვილი, მეჰმეთ შექერი და მერაბ კილაძე არიან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქიბარ ხალვაშმა "ქართულ ოცნებას" შემოწირულობის სახით 1 250 ლარი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "მზის" გამო, 2008 წელს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა აღნიშნულ ტელეკომპანიებში მისი კუთვნილი წილების "ჩამორთმევის" ფაქტების გამოძიება მომხდარიყო.
ასევე, ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ მისი კუთვნილი კომპანიები უკანონოდ დაყადაღდა და მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია შექმნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ბიზნესმენმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს წილებთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში 2015 წლის აგვისტოში შეიტანა, 2017 წლის 2 მარტს კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.
მარიამ მენაბდიშვილი
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: "Rustavi 2" TV Company case: Court decision, supporters, confronting parties