
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეში დავით დვალის სახელი აქტიურად ფიგურირებს. 1994 წლიდან 2004 წლამდე იგი არხის 33,3%-იან წილს ფლობდა.
დავით დვალი პროფესიით ქიმიკოსია, თუმცა, დიდი ხანია, ამ სფეროში აღარ მუშაობს. იგი, ფაქტობრივად, საქართველოს პირველი მოყვარული ასტროფოტოგრაფია.
გამოცემა National Geographic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2015 წლის იანვრით თარიღდება, დავით დვალი ამბობს, რომ ყველას დაეხმარება, ვინც ხელს ასტროფოტოგრაფიას მოკიდებს.
"სახურავზე მოწყობილი ჩემი ობსერვატორიის კარი ღიაა ასტროფოტოგრაფიის შესწავლის მსურველებისთვის,"-აღნიშნავს ის. ამავე წელს დავით დვალმა ასტროფოტოგრაფების მოყვარულთა ჯგუფი სახელად Geo-Astro დააფუძნა.
2016 წლის 24 ნოემბერს ევროპის ასტრონომიულ დღის ფოტოდ სწორედ დვალის ფოტო აირჩიეს. ასტროფოტოგრაფის თქმით, ის დარგით, განსაკუთრებით 2003 წელს დაინტერესდა, როდესაც პლანეტა მარსი დედამიწას განსაკუთრებით უნდა მოახლოებოდა. დავით დვალი აღნიშნულ მოვლენას აბასთუმნის ობსერვატორიიდან აკვირდებოდა.
"საოცარი შეგრძნებაა შორეული გალაქტიკის, ვარსკვლავური გროვის ან ნისლეულის ხილვა, თუნდაც შავ-თეთრად,"-აღნიშნავს დავით დვალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რის შემდეგაც ხალვაშმა განაცხადა, რომ მზადაა, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან მოლაპარაკების შედეგად, მათ კუთვნილი წილები დაუბრუნოს.
რამდენიმე დღის წინ, გადაცემა "რეალურ სივრცეში" დავით დვალმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ცენზორად არ დაბრუნდება და ტელეკომპანიისთვის ბრძოლას სამართლებრივად განაგრძობს.