
"ციანიდის საქმე", სასულიერო პირების საჯარო განცხადებები, გიორგი მამალაძის წერილი, მეუფე პეტრეს "ერთსულოვნების" ხელმძღვანელობიდან განთავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებმაც საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა.
თეოლოგები აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდს მეტი გამჭვირვალეობა და ქმედითი ნაბიჯები მოეთხოვებოდა, თუმცა მათ მხოლოდ მეუფე პეტრეს თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.
"რწმენა რეალურად იმ ფაქტებს არ უკავშირდება, რაც საპატრიარქოში ხდება," - განაცხადა თეოლოგმა ირაკლი ცხადაძემ Allnews.ge-სთან საუბარში. ცხადაძის აზრით, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ჩრდილოვანია, თუმცა ეს მრევლის შემცირებას არ გამოიწვევს.
არსებობენ ძალიან კარგი სასულიერო პირები და ზოგადად, ეკლესიის სწავლებასა და მოძღვრებას არანაირი კავშირი არ აქვს დღეს მიმდინარე და საპატრიარქოში განვითარებულ სიტუაციასთან, აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ეკლესიაში მრევლს შეამცირებს,"-აღნიშნა მან.
თეოლოგი ლადო ნარსია ფიქრობს, რომ მრევლის ნაწილს, რომელსაც ეკლესიასა და მის ცხოვრებაზე სრულყოფილი წარმოდგენა არ აქვს, შესაძლებლობა მიეცა, რომ ეკლესიას სხვა კუთხიდანაც შეხედოს.
"დღეს ეკლესიაში არის პრობლემები.
მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამოა, თუ პეტრე ცაავა არღვევდა ეკლესიის კანონიკურ ნორმებსა და მოთხოვნებს, მასზე სამღვდელმთავრო ფუნქციების შეზღუდვის საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და სინოდი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სინოდს უნდა ეკითხა პეტრე ცაავასთვის, რაც არის ის მიზეზები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, საჯაროდ, ასეთი ფორმებით საზოგადოებას მიმართოს და ილაპარაკოს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე. ეს უნდა ყოფილიყო გულწრფელი საუბარი,"-განმარტავს ის.
"ეკლესიამ მიმდინარე პრობლემებს ტაბუ დაადო" - აღნიშნავს თეოლოგი მიხეილ რობაქიძე.
"ერთხელ და სამუდამოდ საპატრიარქოს კარები უნდა გაიხსნას და ინფორმაცია საჯარო გახდეს. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პროცესები განაპირობებს იმას, რომ ეკლესია მრევლს დაკარგავს. ყველა აცნობიერებს, რომ ეს ინსტიტუტი, საკუთარ ადგილს კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი სოციალური გამოკითხვა აჩვენებს იმას, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა დიდია,"-განმარტავს რობაქიძე.
თეოლოგის აზრით, მეუფე პეტრეს "ერთსულოვნების" ხელმძღვანელობიდან განთავისუფლება სინოდის მხრიდან ერთგვარი დამსჯელობითი ქმედებაა.
"უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო.
რაც შეეხება პეტრე ცაავას განთავსუფლების ფაქტს, წესით და რიგით, ამ დროს ეპისკოპოსი ორჯერ უნდა იქნას დაბარებული და გაფრთხილებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პეტრე ცაავას გასაფრთხილებელი არაფერი აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად მომთხოვნი იქნება საზოგადოება, რომ საპატრიარქომ ამ ყველაფერს პასუხი გასცეს, ვინ არის შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში, ვინ არის გიორგი ზვიადაძე, ვინ არის პატრიარქის ძმისშვილი და ა.შ,"-განაცხადა მან და დასძინა, რომ ეკლესიაში აუდიტის სამსახური აუცილებლად უნდა შევიდეს, რათა ფინანსური გაუმჭვირვალობის საკითხი აღმოიფხვრას.
"მეუფე პეტრეს "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გათავისუფლება ოპტიმალური გამოსავალი არ იყო".
განმარტავს თეოლოგი ირაკლი ცხადაძე. "ვითარების გამოსასწორებლად საჭირო დაპირისპირებული მხარეების პირისპირ დასმა, არგუმენტირებული საუბარი და შესაბამისად რეაგირება. პრობლემების დამალვის პოლიტიკამ, რომელიც ეკლესიაში წლებია არსებობს, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის,"-განმარტა მან.
სამივე თეოლოგი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მათი თქმით, ყველა შეკითხვას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
მარიამ მენაბდიშვილი