გარემოვაჭრეები გარევაჭრობის დაკანონებას მოითხოვენ
გარემოვაჭრეები გარევაჭრობის დაკანონებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციას გარემოვაჭრეები "ბავშვთა სამყაროსა" და "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიებზე მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთელი კვირის განმავლობაში მათთან მერიის წარმომადგენლები მიდიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მიმდინარე კვირის შაბათიდან გარევაჭრობა აეკრძალებათ. მოვაჭეეების თქმით, მერიის წარმომადგენლების მხრიდან ალტერნატიული ფართი არ ყოფილა შეთავაზებული.
"მოდიან ჩვენთან პირები, გვიღებენ სურათებს ჩვენც და ჩვენს პროდუქციასაც. გუშინ ოფიციალურად მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს, რომ შაბათს არც ერთი არ მოვიდეთ აქ. გვითხრეს, რომ გარევაჭრობა დამთავრებულია და ეს ადგილები უნდა გათავისუფლდეს. მათ უკან პატრული დაყვებოდათ დარაჯად. რით გვაკმაყოფილებენ, არ გვითხრეს. გვითხრეს რომ ეს მათ არ ეხებოდათ", - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, აქციის მონაწილე ციური კალაძემ.
მისივე თქმით, გარემოვაჭრეები ხელისუფლებას სთხოვენ, მოხდეს გარევაჭრობის დაკანონება ოფიციალურად და მოხდეს გადასახადის დაწესება, რის შემდეგაც შეძლებენ ლეგალურად ივაჭრონ.
გარემოვაჭრეების აქციას მხარდაჭერას უცხადებს "დემოკრატიის ინსტიტუტი". აქციაზე იმყოფება მისი ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი. ის გარემოვაჭრეებთან ერთად მოითხოვს ასევე მისი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიღებას, რომელიც 2014 წელს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.
"ჩვენ ვცდილობთ გარემოვაჭრეებთან ერთად მივაღწიოთ ორ რამეს: გარემოვაჭრობა იყოს მოწესრიგებული და კანონიერი. მე დაწერილი მაქვს კანონპროექტი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ 2014 წელს პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა ეს პროექტი შემდეგ აღარ განხილულა. ჩვენ ვითხოვთ, დროულად დასრულდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეხება გარევაჭრობის დაკანონებას და მანამდე თავი დაანებონონ გარემოვაჭერეებს", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.