
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების მიერ 26 წლის შოთა პაკელიანის ცემის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს და მას პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო" ამოუღო.
"თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მიმდინარე წლის 23 მარტს, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ.
შოთა პ. არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე - სახის, ხელის და მუხლის არეში მიიღო დაზიანებები.
პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო" ამოიღო.
პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. "ბიო" ჰქონდა გადაყლაპული.
ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.
რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.
შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.
პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, პაკელიანმა დაცემისას მუხლის და იდაყვის დაზიანება მიიღო, თუმცა თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
როგორც თოდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაკელიანი ნამდვილად წაიქცა, თუმცა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო დანარჩენი დაზიანება პოლიციელებმა მიაყენეს.
ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელებს, რომლებმაც პაკელიანი დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, "კერძოდ - კასრაძეს და ქიტოშვილს მფარველობს ისანი-სამგორის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიყმაშვილი".
"არ გამოვრიცხავ, რომ პაკელიანს ეს ნივთიერება დაუდეს სპეციალურად. მან იპოვა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინტერსედა რა იყო და ამ დროს იქ მოულოდნელად აღმოჩნდნენ პოლიციელები. პაკელიანი გაიქცა, გაირბინა 150-200 მეტი, ფეხი წამოკრა რაღაც ნივთს და წაიქცა.
ვადასტურებ, რომ მან დაიზიანა იდაყვი და მუხლი, თუმცა პოლიციელების ჩვენებით, რომლებიც იქ იმყოფებდნენ დასტურდება რომ, როცა ისინი პაკელიანთან მივიდნენ, შარვალი დახეული არ ჰქონდა და სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პოლიციელებისვე ჩვენებაში წერია, რომ პაკელიანმა გაქცევისას მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ნივთიერება და გადაყლაპა, თუმცა მთლიანად მისი გადაყლაპვა ვერ მოასწრო და ნაწილი დაიტოვა ჯიბეში", - განაცხადა ადვოკატმა.
თოდუა "დაკავებისას განხორციელებულ რამდენიმე უკანონობაზეც" ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მან უკვე მიმართა პროკურატურას რამდენიმე კანონდარღვევათა დაკავშირებით, მათ შორის, ჩხრეკა-დაკავების ოქმის რამდენიმე საათით დაგვიანებით მიღებაზე, ასევე ჩხრეკისას ჩადენილ უკანონობაზე და ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზიანებებთან დაკავშირებით. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას ამ ყველაფერზე ჯერ პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია.
ადვოკატის თქმით, მან მიმართა პროკურატურას, ასევე, რომ მიეღო ჩანაწერები პაკელიანის პოლიციის განყოფილებაში შეყვანასა და იქიდან გაყვანასთან დაკავშირებით, სასწრაფოს შესვლასთან დაკავშირებით, "თუმცა რეაგირება ჯერჯერობით ამაზეც არ ხდება". მისი მტკიცებით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ თურმე პაკელიანს შს სმაინისტროს და გამომძიებლების არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ადვოკატს, გიორგი მახარაძეს, მისი მტკიცებით შოთა პაკელიანი წამების და არადამიანური მოპყრობის მსხვერლია.
"შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ის არის წამების მსხვერპლი. სავარაუდოდ, პოლიციელებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა მას დაკავებისას ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, ამიტომ ჩაუდეს და იძულებით სცადეს მისგან დასტურის მიღება და პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისგან ჩვენება წამებით მიეღო", - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია პაკელიანის საქმის მონიტორინგში. სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა დაიწყო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლითაც უნდა დადგინდეს, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები რა ვითარებაში მიადგა.
"ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან დაწესებულებაში იმისთვის, რომ დაკავებული მოინახულონ. გარდა ამისა, დავიწყეთ იმ დოკუმენტაციის შესწავლა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ დაკავებისას მოხდა თუ არა ის დაზიანებები, რომელიც მას სხეულზე აღენიშნება.
ზოგადად, ცალკე პრობლემაა მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რაც ქმნის რისკებს ადამიანის უფლებების დარღვევის და ასევე, არის ძალის გადამეტების ტენდენცია დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
პაკელიანების ოჯახი სამართალდამცავებს 26 წლის შოთა პაკელიანის ცემაში ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, შოთა პაკელიანი ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და აწამეს.
ოჯახი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომელშიც 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი ატყვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "თეთრი ხმაურის მოძრაობაც" ავრცელებს, რომელთა განმარტებითაც, დღეს ოჯახთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.