გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა 11 აპრილს გაათავისუფლონ
"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი შესაძლოა, 11 აპრილს პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მას ე.წ. "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება, თუმცა სავარაუდოდ, მოსამართლე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებაზე ერთი დღით ადრე იმსჯელებს.
"ცენტრ პოინტის" საქმეზე, "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღესაც ჩატარდება, თუმცა გურამ რჩეულიშვილის ადვოკატისთვის უცნობია განიხილავს თუ არა დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების საკითხს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განუცხადა, გამორიცხული არ არის რჩეულიშვილის გათავისუფლების შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენოს.
თავად ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურა გურამ რჩეულიშვილს მენაშენეთა კუთვნილი 1 657 959 ლარის მითვისებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს და "ცენტრ პოინტ აჭარას" დირექტორს ირაკლი მინდელს.
მკითხველის კომენტარები
(0)