
ეკონომიკის მინისტრის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის გარდა, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის, პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორში საქართველოს ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაცია ინდოეთში ვიზიტის შედეგების შესახებ მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.
"ვიზიტის შედეგად რამდენიმე კონკრეტულ ამოცანაზე და მიზანზე იყო საუბარი. პირველი - ინდოეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოეწერა ხელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხრიდან, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება. ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარით. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა 7.5% იყო. ძალიან დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის 5 სამინისტროში გაიმართა შეხვედრები, რომელთა ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
"საუბარი იყო საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორი მუმბაი-ვანდერა-ბასი-აზერბაიჯანის მიმართულებით. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის - სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის - პორტებზე და ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე დიალოგის მიზნით უახლოეს მომავალში ჩვენი რკინიგზის წარმომადგენლების ვიზიტი დაიგეგმოს და დაიწყონ ამ თემის შესწავლა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ ინდოეთის მიმართულებით შეიძლება ძალიან ბევრი შეხების წერტილის გამოძებნა, რაც ძალიან მნიშვნელოვან დამატებით დინამიკას მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ამიტომ ამ მიმართლებით ნაბიჯების გადადგმა "ძალიან მალე გვმართებს".