ხორციელდება თუ არა ვიდეომეთვალყურეობა თბილისის სუპერმარკეტების გასახდელებში
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, სუპერმარკეტ "ფრესკოს" გასახდელებში ვიდეოკამერების არსებობასთან დაკავშირებით, პროკურატურას წერილობით უკვე მიმართა. საქმით დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაც".
"პროფკავშირების" წარმომადგენლის, ლაშა ბლიაძის ინფორმაციით, "ფრესკოს" ადმინისტრაცია პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რადგან თანამშრომლების უფლებები დაარღვია, რაზეც, გაერთიანებას მტკიცებულების სახით, შესაბამისი ვიდეომასალაც აქვს.
"ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, გასახდელებში ვიდეომონიტორინგი ხორციელდებოდა, რაშიც ჩართული იყო, როგორც დაცვის უფროსი ისე, მისი მოადგილეებიც. კვირა დღეს, როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ მუშაობდნენ, თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ ვიდეომონიტორინგს სახლიდან ახორიელებდნენ,"-განმარტავს ის.
"ფრესკოსთან" დაკავშირებული გახმაურებული ფაქტები
ლაშა ბლიაძის თქმით, ვიდეომასალაში, რომელიც მათ მტკიცებულების სახით "ფრესკოს" ყოფილმა თანამშრომლებმა მიაწოდეს, გარკვევით ჩანს, რომ გასახდელში ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს.
"ეს კონკრეტულად, ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ვარკეთილში მდებარე "ფრესკოს" ფილიალებში ხდება," - განმარტავს "პროფკავშირების" წარმომადგენელი.
"პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, შესაბამისად, მისი დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია," - აცხადებს იურისტი ამირან გიგუაშვილი.
"ფრესკოს" ადმინისტრაციის არგუმენტების საპასუხოდ, რომ ვიდეომეთვალყურეობა უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს, იურისტმა განმარტა, რომ ადმინისტრაციას ვალდებულება ჰქონდა, სუპერმარკეტში მომხდარი სამართალდარღვევები შესაბამისი უწყებებისთვის შეეტყობინებინა.
"თუ ქურდობა ხდებოდა და სამართალდამცავებს არ შეატყობინეს, ამაზე ცალკე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ.
თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარა და სახეზე სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა გვაქვს,"- განმარტავს იურისტი.
"ფრესკოს" ადმინისტრაცია ქალების გასახდელში კამერების არსებობას ადასტურებს
"ფრესკოს" შემთხვევიდან გამომდინარე, Allnews.ge დაინტერესდა, ხორციელდება თუ არა თბილისის სხვა სუპერმარკეტების გასახდელებში ვიდეომეთვალყურეობა.
"გუდვილის" წარმომადგენლის განმარტებით, სუპერმარკეტის გასახდელში ვიდეომეთვალყურეობა არასდროს ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.
"ჩვენ კამერები მხოლოდ საჯარო ადგილებსა და შემოსასვლელებში გვაქვს დამონტაჟებული, სადაც მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნებიცაა მითითებული,"- განმარტავს ის.
გასახდელებში ვიდეომეთვალყურეობის არსებობა არც "სპარის," "იოლის," "ფუდმარტის," "კარფურისა" და "ორი ნაბიჯის" ქსელში დაგვიდასტურეს, მათი წარმომადგენლების თქმით, კამერები მხოლოდ სავაჭრო ობიექტებზეა დამონტაჟებული.
ჯერჯერობით უცნობია, რა შეფასებას მისცემს "ფრესკოს" გასახდელებში ვიდეოკამერების არსებობის ფაქტს პროკურატურა.
მარიამ მენაბდიშვილი