
მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა 100-ზე მეტ ბაიკერს, რომლებიც "ღამის მგლების" ჯგუფის წევრები იყვნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა "ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. "ღამის მგლების" ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა "ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს "ღამის მგლების" არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ.
შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.
შეგახსენებთ, "ღამის მგლების" წარმომადგენელი ორი ბაიკერი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.