თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც Allnews.ge-ის "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი საღირაშვილმა განუცხადა, პროექტზე "საქართველოს რკინიგზა" თბილისის მერიასთან ერთად მუშაობს.
-შევიმუშავეთ პროექტის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტი, გაუმჯობესების იმიტომ, რომ ეს პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის გარეშე იყო დაწყებული და ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ 25%-ით ვზღუდავდით ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გამტარიანობას, ასევე 57%-ით უარესდებოდა მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები, ამიტომ მომზადდა შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელმაც გამოავლინა ეს ხარვეზები, ცხადია პროექტი ვერ გაგრძელდებოდა იმ ფორმით. გადაიხედა და შემუშავდა პროექტის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც მერიასთან ერთად განვიხილეთ, ამ რამდენიმე პროექტიდან ორი გამოიკვეთა, საიდანაც ერთს ავარჩევთ. პროექტი ასევე დაკავშირებული იყო ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან, უნდა გვენახა ისეთი გამოსავალი, რომელიც ქალაქისთვისაც მისაღები იქნებოდა და რკინიგზისთვისაც, ამას კი გარკვეული პერიოდი დასჭირდა.
-უნდა ველოდოთ თუ არა მშენებლობის დაწყებას ამ წლიდან?
-რა თქმა უნდა, ასეა დაგეგმილი, მთავრობის შესაბამისი განკარგულებაც არის მიღებული. ჩვენ უკვე მზად ვართ მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ რომელი პროექტი ავირჩიოთ და ამის მიხედვით დავიწყოთ შესაბამისი ქმედებები.
-რამდენი ხანი დასჭირდება მშენებლობას?
-თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, მცირე დროში აშენდეს, მაგრამ კონკრეტული დროის დასახელება გამიჭირდება.
-რა თანხაა ამ პროექტისთვის გამოყოფილი?
-ზოგადად, რკინიგზას გამოშვებული აქვს ევროობლიგაციები, რომლითაც ფინანსდება ორი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის თბილისის შემოვლითი რკინიგზა და მოდერნიზაციის პროექტი, ხაშური-ზესტაფონის მოდერნიზაცია. 500 მილიონი დოლარის ევრობონდები გვაქვს გამოშვებული ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენი მიდგომაა, ეს ორივე პროექტი რომ ბიუჯეტის გაუზრდელად დავასრულოთ.
თეა ბეჟიტაშვილი