აფგანი ომის ვეტერანია, მსახურობდა სპეცრაზმში - ინტერვიუ ხადიჯა ისმაილოვასთან
საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბედი გარკვეულია. საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებების ნუსხას კი კიდევ ერთი - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დაემატა. აღნიშნული ინფორმაცია მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სიდიგოვმაც დაადასტურა.
აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ამ პერიოდის განმავლობაში თვალს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ხადიჯა ისმაილოვა ადევნებდა. ჟურნალისტს ALLNEWS.GE დაუკავშირდა და დაინტერესდა შეიძლება თუ არა, რომ მუხთარლის სიცოცხლეს საპატიმროში ყოფნის დროს საფრთხე შექმნას.
- ვიმედოვნებთ რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. საქმე ის არის რომ აქტივისტი, რომელიც საქართველოდან, ცოტა ხნის წინ, ჩამოვიდა დააკავეს და შემდეგში ის ჩამომხრჩვალი საპატიმროს საკანში იპოვეს. ამ დრომდე ცნობილი არ არის, ვინ და როგორ გააკეთა ეს. ასეთი შემთხვევები ხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ფაქტი აფგანის შემთხვევაში არ განმეორდება. მას სავარაუდოდ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- ეს ის სცენარია, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ოპოზიციური ძალების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს?
- ეს შემთხვევა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აფგან მუხთარლი არა მხოლოდ დააპატიმრეს, არამედ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან, დღისით მზისით გაიტაცეს. კონტრაბანდული გზით გადაიყვანეს აზერბაიჯანში და შეკერეს ეს საქმე. მეორეც, მის წინააღმდეგ იყო გამოყენებული ფიზიკური ძალა, მას აღენიშნება ძალადობის კვალი. ციხეში მან ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა წვრილმანს, რათა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, რაც საკმაოდ რთულია. აზერბაიჯანის ციხეში ძალიან რთული პირობებია და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერი სახის პროვოკაციაა მოსალოდნელი.
- რით მიიქცია აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ხელისუფლების ყურადღება და რატომ გახდა მისი გატაცება "აუცილებელი"?
- აფგანი ჩემი მეგობარია, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ის ჩემთან გადიოდა ტრენინგს, გარდა ამისა ჩვენ კოლეგები ვართ. თუმცა, არასდროს გვიმუშავია ერთსა და იმავე გამოცემაში. მისი ორი საგამოძიებო ნამუშევრის რედაქტორი ვიყავი.
მან შექმნა არაჩვეულებრივი საგამოძიებო მასალა, რომელიც შესყიდვებისა და ტენდერების ფალსიფიცირებას შეეხებოდა.
გარდა ამისა, მან გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ნამუშევარი ალიევისა და მასთან დაახლოებული პირების ბიზნესების შესახებ, რომელიც მათ საქართველოში ჰქონდათ. ამ დროს აფგანი უკვე თბილისში ცხოვრობდა და ამ გამოძიებასაც ადგილზევე აწარმოებდა. ასე რომ აფგანი ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათო ჟურნალისტია, რადგან მუშაობს იმ თემებზე, რომლებსაც სხვა ჟურნალისტები უბრალოდ ერიდებიან.
- მართალია, რომ აფგან მუხთარლი დაცვაში მუშაობდა და კონკრეტულად თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ?
- 2012-2013 წლებში მე მქონდა პრობლემები პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მაშინ აფგანი იყო ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომელიც მუდამ თან მახლდა და ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. აფგანი ომის ვეტერანია, მსახურობდა სპეცრაზმში. ამასთანავე, იმ დროისთვის მე ვერ ვენდობოდი ვერც ერთ უწყებას და სამსახურს, რომელიც ჩემს უსაფრთხოებაზე შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, ამიტომ მივმართე მეგობრებს. თუმცა, ეს არ იყო მისი ძირითადი საქმიანობა, რადგან ის ჟურნალისტი იყო, ჟურნალისტი კარგი სამხედრო გამოცდილებით. მისი მეუღლე სწავლობდა "ჯიპაში" და სწორედ ამიტომ გადავიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. ჩემი დაკავების შემდეგ, როგორც ვიცი, ის ჩამოვიდა აზერბაიჯანში, თუმცა შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა, რადგან მაშინ ოპოზიციონერი ჟურნალისტები აქტიურად იდევნებოდნენ და აკავებდნენ თითქმის ყველას. მისი და მისი ოჯახის მიმართაც გაჟღერდა კონკრეტული მუქარა, ამიტომ იძულებული გახდა ბაქო დაეტოვებინა.
იმის გამო, რომ ის საქართველოში უკეთ იცნობს სხვადასხვა ორგანიზაციას, ყველა ვინც საქართველოში ჩამოდიოდა და დახმარებას საჭიროებდა, იყო პოლიტიკური დევნილი, თუ პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი, დახმარებისთის აფგანს მიმართავდა. აფგანი საკონტაქტო პირი იყო, მას ამაში ფულს არავინ უხდიდა, მოხალისე იყო ამ საკითხში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უფლებადამცველი ანაზღაურების გარეშე.
სწორედ ამის გამო, მისი საქართველოში ყოფნა აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ აწყობდა.
- არსებობდა თუ არა კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც ის უკანონო გზით გადაიყვანეს საზღვარზე და როგორც ვიცით, თანხა ჩაუდეს 10 ათასი ევროს ოდენობით, თანაც კონტრაბანდის გადატანასა და საზღვრის უკანონო კვეთაშიც დაადანაშაულეს?
- აფგან მუხთარლისა და სხვა აქტივისტების მსგავსი გზით დაკავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ოპოზიციის უკანონო დაფინანსების შესახებ ქეისის შექმნა სურს. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში გასასვლელი ჩაკეტონ, იმისთვის რომ ოპოზიციონერები ვეღარასდროს ჩამოვიდნენ. სიმართლე ის არის, რომ აქ ჩვენ ექიმთან წასვლაც კი არ შეგვიძლია, რადგან გვეშინია, დაბლოკილი გვაქვს ყველა საბანკო ანგარიში, ბევრი ჟურნალისტი არალეგალურადაც კი მუშაობს, ბევრი თავს აფარებს თბილისს, ჩვენს ხელისუფლებას კი ამ გზის ჩახერგვა სურს.
იგივე ხდება ბელორუსის ოპოზიციის შემთხვევაშიც, ბევრი მათგანი ახლა ლიტვასა და პოლონეთშია. თუმცა ლიტვა და პოლონეთი ცივილიზებული ქვეყნებია და ბელორუსის ხელისუფლებას ამ ქვეყნებში მსგავსი ოპერაციების ჩატარება არ შეუძლია. საქართველოში კი როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანს შეუძლია, ამ ოპერაციების გატარება, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქართველოზე გარკვეული გავლენა აქვს. ენერგეტიკული ბლოკადის თვალსაზრისითაც და გარდა ამისა აზერბაიჯანი, ცნობილია ქრთამის მიცემითაც გავლენიანი პოლიტიკური ფიგურებისთვის. ცალსახაა, რომ აზერბაიჯანს საქართველოში ეს გავლენა აქვს.
საქართველომ უნდა გამოარკვიოს ემუქრება თუ არა საფრთხე მის სუვერენიტეტს, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეუძლია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში, ეს საკითხი კიდევ ცალკე განხილვის თემა ა- განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ ALLNEWS.GE-სთან საუბარში.
ხადიჯა ისმაილოვას განმარტებით, ამ დროისთვის აზრებაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 147 ადამიანია, თუმცა მათ რიცხვს აფგან მუხთარლი ჯერ-ჯერობით არ განეკუთვნება.