ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ, აჭარაში კი ციტრუსი ვეღარ მოიყვანონ
ერთ დღეს შესაძლოა, კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ, აჭარაში კი, ციტრუსის მოყვანა ფანტასტიკის ჟანრად მოგვეჩვენოს. არც ის არის გამორიცხული, ზღვისპირეთში მანდარინის ტერასების ადგილზე ვენახი დაგვხდეს გაშენებული, ალაზნის პირას კი, ფორთოხლის ხემ იხაროს. შესაძლოა, იფიქროთ რომ ეს სრულებით არარეალურია, თუმცა, მთავარი საფრთხე სწორედ აქ იმალება.
კლიმატის ცვლილება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც და პარიზის შეთანხმებას დასავლელი ლიდერების კრიტიკისა და მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, გაემიჯნა. გადაწყვეტილება ეკონომიკური ფაქტორებით ახსნა, ისე, რომ ეკოლოგიური საფრთხე არც გახსენებია. არადა, აღნიშნული მოვლენის ეკოლოგიური გავლენა შესაძლოა, იმაზე მასშტაბური და დამანგრეველი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს რომელიმე მძაფრსიუჟეტიან ფილმში გვინახავს.
"კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან შედეგებს გამოიწვევს. მისთვის დამახასიათებელი იქნება ტემპერატურის ზრდა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის დონის მატებას, სანაპირო ზონის დატბორვას, კლიმატური ზონების საზღვრების გადანაცვლებასა და კლიმატური სარტყელების ცვლილებას გამოიწვევს. ის გავლენას იქონიებს ყველა სექტორზე და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაზე.
საქმიანობები, რომლებსაც ადამიანები ახორციელებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, შეიცვლება.
მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგება"- განაცხადა გარემოს დაცვის სპეციალისტმა, კახა ბახტაძემ ALLNEWS.GE-სთან საუბარში და აქვე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება, საქართველოსაც სრული მასშტაბით შეეხება, რადგან ჩვენს ქვეყანაში თითქმის, ყველა კლიმატური სარტყელია წარმოდგენილი.
კახა ბახტაძის განმარტებით, მოცემული მომენტისთვის კლიმატის ცვლილება საქართველოს შემთხვევაში, ძირითადად, მყინვარების დნობაში გამოიხატება, რაც ქვეყანაში წყლის დონის მატებას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში, გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებამდე მიგვიყვანს. კლიმატური ანომალიების პარალულარად, გარემოში მიმდინარე ცვლილებების შედეგად, მიწათმოქმედებს ახალი მავნებლების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.
გარემოს დაცვის სპეციალისტის თქმით, ხელისუფლებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გარემოს ადაპტირება დაიწყოს, რაც საკმაოდ შრომატევად და კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს.
"ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უნდა შეიმუშავოს კონკრეტული სცენარები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კლიმატის ცვლილებას, როგორი ზეგავლენა ექნება მას თუნდაც, საქართველოს სანაპირო ზოლზე. ამის საფუძველზე სახელმწიფომ უნდა შემოიღოს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწყობას, მშენებლობას და კიდევ ბევრ სხვა აქტივობას, რომელსაც კერძო თუ საჯარო ინსტიტუტები ახორციელებენ. შემდეგ კი, გარკეული პრევენციული პროექტები წამოიწყოს, რათა გარემოში მიმდინარე ცვლილებების ზემოქმედება შეარბილოს"- აღნიშნა კახა ბახტაძემ.
პარიზის შეთანხმება საქართველოში 7 ივნისს შევა ძალაში. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აქტიურად აქვთ დაწყებული. ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიზო ჭელიძემ განგვიმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებამ სათბურის აირების რაოდენობის 15%-ით შემცირება იკისრა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები ფინანსურ დახმარებასაც გაიღებენ, საქართველო ატმოსფეროში 25%-ით ნაკლებ მავნე აირებს გამოყოფს.
"ახლა უნდა მომზადდეს პროექტი, სადაც არა წინასწარი ინფორმაცია, არამედ, უკვე რეალური მონაცემები შევა. ქვეყნები ვალდებულები არიან 2019 წლამდე, წინასწარ განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი გადააკეთონ და საბოლოოდ გათვლილი მონაცემები წარადგინონ. პარალელურად, უნდა მოვამზადოთ სამოქმედო გეგმა როგორ ვასრულებთ პარიზის შეთანახმებას"-აღნიშნა გიზო ჭელიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განსახორციელებელი პროექტები ორ ნაწილად დაყო, ერთი მათგანი კლიმატური ცვლილებების შესარბილებლად უნდა გატარდეს, მეორე კი, ცვლილებებისადმი ჩვენი გარემოს ადაპტირებისთვის.
"ქვეყნები უნდა მოერგონ რეალობას, რათა მომზადებულები იყვნენ წყალდიდობებისთვის, წყალმოვარდნებისთვის, მყინვარების დნობისა და სხვა ნეგატიური ეფექტებისთვის, რაც კლიმატის ცვლილებას მოჰყვება"- თქვა ჭელიძემ და განმარტა, რომ მუშაობა ენერგეოფექტურობისა და ეკოლოგიური პროდუქციის, მათ შორის, ელექტროტრანპორტის გამოყენების კუთხითაც მიდის.
"ადაპტაციის კუთხით, რიონის აუზში, საერთაშორისო დაფინანსების პროექტით, განხორციელდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა. გარდა ამისა, მდინარეზე დამონტაჟდა ჰიდროლოგიური გამზომები, რომელიც ონლაინ რეჟიმში აწვდის მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ხდება მდინარეებზე დაკვირვება, რაც მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში, მოსახლეობის ინფორმირების საშუალებას იძლევა. იგივე არ მოხდა მაგალითად, ვერეს ხეობის შემთხვევაში".
გიზო ჭელიძის თქმით, ამ საპილოტე პროექტის შემდეგ, ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟება საქართველოს ყველა დიდ მდინარესა და მეწყერსაშიშ ზონაში იგეგმება. პროექტი დაახლოებით, 35 მილიონი დოლარი დაჯდება და ხელისუფლებას "კლიმატის მწვანე ფონდის" დაფინანსების იმედი აქვს.
ALLNEWS.GE დაინტერესდა შეიმუშავა თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები სამშენებლო კომპანიებისთვის, ან ჩაერთო თუ არა უკვე ადაპტირების პროცესში. უწყებას აღნიშნულ საკითხზე საუბარი გაუჭირდა და მოცემულ მომენტში პრესსამსახურის ოფიციალური პასუხის მოლოდინში ვართ.
საინტერესოა, რომ გლობალური დათბობის ზემოქმედებიდან გამომდინარე, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 0,3ºC-ით გაიზარდა, აღმოსავლეთში კი იმავე მაჩვენებელმა 0,4-0,5ºC შეადგინა.
გარემოს დაცვის სპეციალისტის, კახა ბახტაძის თქმით, პარიზის მოთხოვნების შესრულებას დიდი რესურსი სჭირდება. შესაბამისად, პროცესში განსაკუთრებული ადგილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავია.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის. თუმცა, თუ დიდმა ქვეყნებმა არ გაიღეს გარკვეული თანხები და აქტიურად არ იმუშავეს ამ მიმართულებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან ამ პროცესში, შეიძლება სწორედ ეს პატარა ქვეყნები დაიჩაგროს".