რა მოხდება თუ საქართველო კონსტიტუციურ მონარქიაზე გადავა
საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში - კათოლიკოს პატრიარქის მიერ საკვირაო წირვაზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ საზაგადოებასა და სახელისუფლებო წრეებში რეზონანსი გამოიწვია. შეფასებები მრავალეფეროვანი და არაერთგვაროვანია, თუმცა ერთი კონკრეტული ტენდენცია მაინც იკვეთება - მმართველმა გუნდმა ილია მეორის წინადადება ერთხმად მოიწონა და დადებითად შეაფასა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის.
ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს, უფრო მეტი ან ნაკლები.
ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა არ გვმართებს.
ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მსჯელობის გამართვის შესახებ მთავრობის მეთაურის მიერ წამოყენებული წინადადება ძალიან მცირე პერიოდში დაიხვეწა და განვითარება პლებისციტის ჩატარების იდეში ჰპოვა.
"ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც.
ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს"- განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
"ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხზე ვიფიქროთ - თუკი საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები, რომ მმართველობის ასეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია"- განაცხადა პარლამენტის თავმჯფომარე ირაკლი კობახიძემ და საკითხზე ფიქრი დაუყოვნებლივ, კათალიკოს პატრიარტთან შეხვედრით დაიწყო.
მონარქიის უპირატესობების საკითხს სკეპტიკურად უყურებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ისტორიული სიმბოლოებით თამაში სრულიად გაუმართლებელია. ფირალიშვილმა განმარტა, რომ მონარქიის შემოღება არ არის მხოლოდ კონსტიტუციის ცვლილება "ეს გულისხმობს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ძირეულ შეცვლას, სრულიად ახალ პარადიგმებში მოქცევას", რის მართლზომიერებაშიც მას ეჭვი ეპარება.
"რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ეს მაშინ, როცა ჩვენ ვერა და ვერ მიგვიღწევია ჩვენი განვითარების სტაბილურობისთვის?
დამატებითი ფაქტორების შემოტანამ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ქაოსი წარმოშვას. მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიური ბმა მონარქიასთან ქართველ კაცს აღარ გააჩნია, ეს არ არის ჩვენთვის ორგანული იდეა. ეს არის ხელოვნური დეკორაციების შემოტანა პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ მესმის ჩვენი პოლიტიკოსებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ იდეას" - თქვა ფირალიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ პატრიარქს სრული უფლება აქვს წამოაყენოს ნებისმიერი მოსაზრება, თუმცა კონკრეტულად ამ მოსაზრების სერიოზული განხილვის რელსებზე შეყენება ძალიან ცუდი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
"ნუ წარმოვიდგენთ, რომ მონარქის როლში აღმოჩნდება დავით აღმაშენებელი.
წინასწარ იმის თქმა, რომ აქ ვინმე იდეალური დადგება, სრული გულუბრყვილობაა"- აღნიშნა ფირალიშვილმა.
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ კი განგვიმარტა, რომ ეს მოსაზრება ახალი არ არის და რამენიმე წლის წინ ამ იდეის წარმოშობა სამეფო ოჯახის შექმნის ისტორიით დაგვირგვინდა. მისი თქმით, კათოლიკოს- პატრიარქის მხრიდან აღნული განცხადება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მონარქია ყოველთვის ითვლებოდა ეკლესიის მოკავშირედ.
"რამდერნადაც მე მახსოვს მონარქიის აღდგენაზე საუბარი გამუდმებით თან სდევდა კონსტიტუციის რეფორმას, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ყოველთვის თეორიული ხასიათი ჰქონდა"- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ. მისი თქმით, არც ერთ ეტაპზე სამეფო კარის "შენახვისთვის" საჭირო კონკრეტული ბიუჯეტი არ გათვლილა, თუმცა ისედაც ცხადია, რომ საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება.
"გაერთიანებულ სამეფოშიც კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მონარქია საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ეს საქართველოს ეკონომიკის პირობებში არალოგიკური იქნება. პრეზიდენტს კვადრატულ მეტრებს რომ უთვლიან, იციან მაინც რომ მონარქის შემთხვევაში ეს ასე ვერ იქნება"- განაცხადა ძაბიძარაძემ
ძაბირაძის განმარტებით, ჩვენ ხშირად ვიწყებთ რაღაცის კეთებას ისე, რომ არ ვიცით რა მიზანს გვსურს მივაღწიოთ. ამ კონტექსტში მთავარი კითხვა სწორედ ეს იქნება "რაში გვჭირდება მონარქია".
რა რეაქცია მოყვა ინტერნეტში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარს