ვინ არიან საქართველოს სამეფო ოჯახის წევრები
საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ გახმაურებული სამეფო ქორწილი. პატრიარქის ინიციატივით, ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს.
ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. სამღვდელო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.
ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღება, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.
წყვილმა საიდუმლო ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, მაგრამ მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო წყვილში ბზარი გაჩნდა და ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი კი შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა, რომ ის და დავითი საყვარლები იყვნენ. როგორც ცნობილია, ანას პირველი ქმრისგან ორი ქალიშვილი ჰყავს.
გავიდა დრო და სამეფო წყვილი შერიგდა. ამ დროს დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომელიც ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.
გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში დაიბადა. ბაგრატიონები მემკვიდრის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. პატარას დაბადებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს გიორგი გვარს - ბაგრატიონ-ბაგრატიონი.
იმხანად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან შევიწროებული ბაგრატიონების ოჯახი ესპანეთში დროებით გაიხიზნა, თუმცა მოგვიანებით ისინი კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში.
ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა დავითის ძმა, უგო (გურამ) ბაგრატიონი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და საქართველოს არცთუ იშვიათად სტუმრობს.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გახლავთ გიორგი, ანუ ხორხე, რომელიც იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ხორხეს მამისგან საქართველოს სამეფო კარის თავკაცობა გადაეცა. ის გახლდათ ავტომოყვარული და ორჯერ ''ფორმულა 1'' -შიც სცადა მოხვედრა.
ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელმა პირველად მარია დე ლონზე იქორწინა. პირველი ქორწინებიდან დარჩა სამი შვილი: დავითი, ირაკლი და
მარია ანტუანეტა. ხორხეს მეორე მეუღლე გახდა ნურია ლოპეს ი ოლიარტეზე და 1985 წლის 14 თებერვალს სწორედ მასთან შეეძინა მეოთხე შვილი - უგო (გურამ) ბაგრატიონი. (წყარო)
"კვირის პალიტრა"
თეა ბეჟიტაშვილი