როგორი უნდა იყოს შენობა, რათა ხანძრის დროს ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელდეს
გასულ კვირას ლონდონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსოფლიოსთან ერთად თვალს საქართველოშიც ადევნებდნენ. არც თუ ისე შორეულ წარსულში კი კვამლმა თბილისიც მოიცვა. დილით სადგურის მოედანზე მისულ მოვაჭრეებს და გამვლელებს ბავშვთა სამყარო ცეცხლში გახვეული დახვდათ. საბედნიეროდ შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა, თუმცა ზარალი საკმაოდ დიდი იყო. მომხდარმა საქართველოს მასშტაბით შენობების სახანძრო უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა.
Allnews.ge-იც დაინტერესდა, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა ტიპის შენობა და როგორ უნდა იყოს ისინი აღჭურვილი, რათა ხანძრის უეცარი გავრცელების პრევენცია მოხდეს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა უპასუხა.
გელაშვილმა პირველ რიგში შენობების ტიპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საავადმყოფოს ტიპის შენობები, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლები და მაღლივი შენობები 9 სართულიანი და მეტი სიმაღლის. გელაშვილის განმარტებით, ყველა შემთხვევაში სახანძრო უსაფრთხოების ინდივიდუალური გეგმა უნდა შედგეს.
მაგრამ რა არის ის საერთო სტანდარტი, რომელსაც ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს?
"საერთო ნორმებზე საუბრისას შეიძლება ასე ჩამოვყალიბდეთ - შენობა უნდა იყოს მყარი, აგებული თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე. თავისი ტიპიდან და კლასიდან გამომდინარე შენობას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკუთარი ნორმები და მოთხოვნები, სახანძრო უსაფრთხოებისა მდგრადობის კუთხით", - აღნიშნა დავით გელაშვილმა და განმარტა, რომ არის შენობები, რომლებიც ავტომატური ქრობის სისტემებით არის აღჭურვილი. მისი თქმით, ეს სისტემები ძალიან კარგად მუშაობს მაღლივ შენობებში.
გარდა ამისა შენობას უნდა ჰქონდეს
• საევაკუაციო გასასვლელი
• ყველა სართულზე განთავსებული საევაკუაციო გეგმა
შენობის მობინადრეებმა თუ მომსახურე პერსონალმა კარგად უნდა იცოდეს საევაკუაციო გეგმის წაკითხვა და სახანძრო კუთხეში არსებული მოწყობილობების გამოყენება და სწორი ექსპლუატაცია.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ბოლო 4-5 წელია მასობრივად ატარებს ამ სწავლებას, სადაც ერთ-ერთ მუხლად არის განხილული საევაკუაციო გეგმების დანიშნულება, მათი გამოყენება და სწორად ექსპლუატაცია", - განმარტა გელაშვილმა.
კითხვაზე მოწმდება თუ არა ახალი შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2015 წლის იანვრამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამ სისტემებში არ ერთვებოდა.
"10 იანვრიდან, როდესაც ეს დანაყოფი ფუნქციურად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული გახდა, მიღებული იქნება კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც ცალსახად არის გაწერილი თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შენობა. მოწმდება ეს შენობები მდგრადობაზე, უსაფრთხოებაზე, საევაკუაციო გეგმების გათვლებზე. თუ შენობა აღჭურვილია ქრობის სისტემებით მოწმდება ეს ქრობის სისტემები, როგორ მუშაობს რეალურად. არის გარეთა წყალმომარაგებისა და შიდა ქრობის სისტემები, ეს ყველაფერი აუცილებლად მოწმდება ნორმებთან შესაბამისობაზე"- თქვა დავით გელაშვილმა.
- რა რჩევას მისცემთ ადამიანებს, რომლებიც ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ?
- ეს შენობიდან გამომდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დავრეკოთ 112-ში და დაუყოვნებლივ დავტოვოთ ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორია. მაგრამ ეპიცენტრის დატოვებისას უნდა დავრწმუნდეთ რომ შენობიდან იმ ადამიანებმაც გამოაღწიეს, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ყველაფერი კი საევაკუაციო გეგმის საშუალებით უნდა განვახორციელოთ.
დავით გელაშვილი ასევე გვირჩევს, რომ თუ შენობაში არის პირველადი ქრობის საშუალებები და ჩვენ მზად ვართ მათ გამოსაყენებლად, დამოუკიდებლად უნდა დავიწყოთ ხანძრის ქრობა.