რა სანქციები მოქმედებს ბათუმში სანაპირო ზოლის დაბინძურების შემთხვევაში
საზღვაო სეზონის დაწყების მომენტიდან (9 ივნისი, ბულვარისა და ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებისთვის 2 ადამიანი დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მოგვაწოდა. მაგდა ჯაიანის ინფორმაციით, ჯარიმები დიფერენცირებულია. ბულვარისა და სანაპირო ზოლის 2 კილოგრამამდე ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში, პირი 80 ლარის ოდენობით ჯარიმდება. 2 კილოგრამს ზემოთ, სამშენებლო და ინერტული მასალებით გარემოს დაბინძურებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
"რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ჯარიმა მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ ცხოველის ფეკალურ მასას მეპატრონე დაუყოვნებლივ არ დაასუფთავებს. მწვანე ნარგავების თვითნებურ განადგურებაზე 500 ლარიანი ჯარიმა დაგეკისრებათ, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში 20 ლარიანი, ხოლო ქცევის განმეორების შემთხვევაში, პირს 50 ლარის გადახდა მოუწევს"- განმარტეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სისუფთავის დაცვის პროცესს ზედამხედველობას ბულვარის ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის სამსახური უწევს. აღნიშნულ სამსახურში 9 ადამიანი მუშაობს, ისინი კონკრეტულ ლოკაციებზე არიან განაწილებულები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის გაფართოვება მიმდინარე წელს არ იგეგმება.