როგორ გამოიყურება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი
Kote.ge ახალი ქართული ბრენდია, რომელიც კოტეჯების ადგილზე მიტანასა და აწყობას უზრუნველყოფს. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ესვანჯიას თქმით, კოტეჯის უპირატესობა მისი ფასისა და ხარისხის ერთმანეთთან შესაბამისობაა. პირველი პროტოტიპი რამდენიმე პირისგან შემდგარმა ჯგუფმა ადგილზე 25 წუთში ააწყო.
"დღეს სახლის აშენება ან ყიდვა დიდ თანხებთან, დროსთან, ენერგიასთან და ისეთ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელში ჩაბმაც არავის არ უყვარს.
ჩვენი მიზანია, რომ ყველა ეს პროცესი აბსოლუტურად ანულირებული იყოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოინდომებს, რომ მსგავსი ტიპის კოტეჯი ჰქონდეს, შეკვეთიდან უახლოესი ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მიიღებს მზა პროდუქტს. გარდა ამისა, ამ კოტეჯის დაშლა და სხვა ადგილას გადატანაც არის შესაძლებელი," - განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი და დასძენს, რომ კოტეჯის გამძლეობა კლიმატურ პირობებში ჯერჯერობით შემოწმებული არ არის, თუმცა ქარს, თოვლსა და სხვა ატმოსფერულ ცვლილებებს აუცილებლად გაუძლებს.
გიორგი ესვანჯიასა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი პირველი კოტეჯი 9 კვ.მ ფართობისაა და შვიდი ნაწილისგან შედგება. კედლების ასაწყობად გამოყენებულია ხის კარკასი, ხოლო სახლი შინდლითაა გადახურული.
"კლიმატური პირობებიდან ან მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ დამათბობელი ან სხვა მასალები სხვა, უფრო ძვირადღირებული ან შედარებით დაბალფასიანი მასალებით შეიცვალოს, გააჩნია, ნაგებობა მომხმარებელს რისთვის დასჭირდება. პროტოტიპი, რომელიც ახლა ტექნოპარკის ტერიტორიაზე დგას, უფრო თბილისის მსგავსი ტიპის კლიმატისთვისაა გათვალისწინებული. მაღალი მთიანეთისთვის, გუდაურის, მესტიისა და ასეთი ადგილებისთვის, ორმაგი დათბუნება დაგვჭირდება".
კომპანია S, M და L ზომის კოტეჯებს დაამზადებს, რომელთა ფართობიც 6 კვ.მ; 9 კვ.მ და 12 კვ.მ იქნება, - "S ზომის კოტეჯში სველი წერტილები არ იქნება, ხოლო დანარჩენ ორში მათი მოწყობის საშუალება გვექნება," - განმარტავს გიორგი ესვანჯია.
რაც შეეხება კოტეჯის ღირებულებას, ესვანჯია განმარტავს, რომ სახლები ხელმისაწვდომი იქნება.
"ეს არ არის სტანდარტული კოტეჯი, რადგან ქარხნული წესით მზადდება და ისეთი ხარჯებისგან, როგორიც მასალების დამთვლელს, არქიტექტორს, დანადგარების გადამწყობებს და სამშენებლო ჯგუფს სჭირდება, თავისუფლები ვართ, შესაბამისად, ეს თანხა კოტეჯის ღირებულებას არ დაემატება".
ამჟამად, Kote.ge-ს დაფინანსების სახით 50 000 ლარი ესაჭიროება, რათა კოტეჯების ქარხნული წესით წარმოება დაიწყოს. გიორგი ესვანჯიას დაფინანსების მოპოვების იმედი აქვს.
გარდა ამისა, პროექტის ავტორები სპეციალურ პროგრამას შექმნიან, რომლის მეშვეობითაც, სასურველი კოტეჯის დამზადების ხარჯებს მასალების მიხედვით, თავად, გამჭვირვალედ დაითვლით.