რა საერთო აქვს "ქართველთა მარშს" "რუსულ მარშთან"?
დღეს თბილისში აქცია-მსვლელობა "ქართველთა მარში" გაიმართება, რომლის მოთხოვნებშიც აშკარად ჩანს ქსენოფობიის ნიშნები. ე.წ. "ქართველთა მარში" მოითხოვს:
1.სახელმწიფომ სასწრაფო წესით მიიღოს ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული საქართველოში ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი;
2. აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით დაადეპორტონ ყველა არალეგალი და კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე;
3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რომელსაც უცხოელები ახორციელებენ, ძირითადად ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობასა და პროსტიტუციას;
4. აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსება".
ემზარ კვიციანმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი ერთი წინადადებით დაახასიათა - "საქართველო ქართველების გარეშე".
თავად ამ რიტორიკის ქართულობაში ვისაც ეჭვი შეეპარება, მართალიც აღმოჩნდება, მით უმეტეს, თუ რუსეთისა და დსთ-ს წევრ სხვა ქვეყნებში ყოველი წლის 4 ნოემბერს ჩანიშნული აქცია, ამ აქციის იდეა და მოწოდებები გაახსენდება.
რუსეთი - რუსებისთვის
ოკუპაციის დასასრული - თავისუფლება რუს ერს!!
სწორედ ამ ლოზუნგებით იმართება რუსი ნეონაცისტების ყოველწლიური მსვლელობა და მიტინგი, რომელიც "რუსული მარშის" სახელითაა ცნობილი. პირველი რუსული მარში 2005 წელს გაიმართა. მსვლელობის ორგანიზატორებმა ის ერთი წლით ადრე დაარსებულ სახალხო ერთობის დღეს დაამთხვიეს და შემდგომში ამ ღონისძიების მონოპოლიზებაც მოახერხეს.
რუსეთში ყოველწლიურად გამართულ ამ მსვლელობას მშვიდობიანს ნამდვილად ვერ დაარქმევ.
ნაცისტური შეძახილებისა და სიმბოლიკის ტარების გამო, სამართალდამცველები დემონსტრანტების დაკავებას თითქმის, ყოველ წელს ახორციელებენ. 2009 წელს, მარშის დროს, შვეიცარიის მოქალაქე ცემით მოკლეს. კარგი იქნება, თუ რუსული პროტოტიპისგან განსხვავებით, ქართველთა მარში მშვიდობიანად ჩაივლის, როგორც ეს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ დაანონსა.
საინტერესოა, რომ სახელის გარდა, ქართულ და რუსულ მარშს, უკმაყოფილების საგანიც მსგავსი აღმოაჩნდათ.
2006 წლის რუსული მარშის მთავარი მოთხოვნა არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის გაწმენდა იყო. დიდ განსხვავებას ვერც მსვლელობის ორგანიზატორების გამოსვლებსა და რიტორიკაში ნახავთ. გთავაზობთ, "მოძრაობა არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ" და "რუსული მარშის" ერთერთი დამფუძნებლის, ალექსანდრ ბელოვის ციტატას მისი განცხადებიდან:
"არალეგალური მიგრაციის პრობლემა მოსკოვსა და ზოგადად მსხვილ მეგაპოლისებში პირველ ადგილზე გამოდის. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ალბათ, იმიტომ რომ ხალხს მართლაც არ მოსწონს ეთნო-კულტურული ბალანსის ცვლილება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან.
ისინი ჩვენგან განსხვავდებიან, იქცევიან სხვანაირად, საუბრობენ გაუგებარ ენაზე.
ახლა რუსეთში ჩამოდიან ის ადამიანები რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, არ იციან რუსული და თანაც ეჭვის თვალით უყურებენ რუსებს. ამ სხვაობის გამო, კონფიქტები გაიზრდება, იმატებს მკვლელობისა და გაუპატიურები რიცხვი, რომლებსაც სჩადიან მიგრანტები, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად".
ქართველთა მარშის ორგაიზატორმა სანდრო ბრეგაძემ კი განაცხადა:
"ყველაზე მთავარი არის საიმიგრაციო კანონის გამკაცრება. ჩვენ გვყავს ჩვენი კრიმინალები და ნამდვილად არ გვჭირდება კიდევ ზედმეტი კრიმინალების დამატება უცხოეთიდან. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ეროვნების წინააღმდეგ მიმართული მარში, ეს არის არალეგალი კრიმინალების წინააღმდეგ მიმართული მარში.
ქართველთა მარშის წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არალეგალურად ცხოვრობენ დანაშაულის ფონის ზრდას უწყობენ ხელს და ისეთი აკრძალული საქმიანობებით არიან დაკავებულები, როგორიც პროსტიტუცია და ნარკოტიკებით ვაჭრობაა.
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად მცირე დროს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციის პერმანენტული და ქმედითი ხასიათის მიიღებით იმუქრებიან. თუმცა, რას გულისხმობენ აქციის ქმედით ხასიათში, არ აკონკრეტებენ.