შავნაბადას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება
შავნაბადას ტერიტორიაზე მთაწმინდის პარკის მსგავსი რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.
ბოლქვაძის თქმით, პარკის პროექტში გათვალისწინებულია როგორც საბაგირო გზა, ისე ფუნიკულიორის მსგავსი ელექტროტრანსპორტი, თუმცა საბაგიროს პროექტი შეიძლება უფრო ადრე განხორციელდეს.
"ეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობისთვის დასვენებისა და გართობის ტერიტორია გახდება. შავნაბადას ეს ნაწილი გამწვანებულია, თუმცა შეიძლება კეთილმოწყობა კიდევ მოხდეს," - განმარტავს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის სპეციალისტი.
ტერიტორია, სადაც პარკის მოწყობა იგეგმება, კერძო კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი პროექტის ფარგლებში გოლფის მოედნების მოწყობა და განაშენიანება უკვე დაიწყო, თუმცა, მერაბ ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ ტერიტორია კვლავ ქალაქის საკუთრებაში დაბრუნდება.
"ჩვენ წერილობით მივმართეთ ამ კერძო კომპანიასა და თბილისის მერიას, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობისთვის ნებართვა გაცემულია, ქალაქს რეკრეაციული ფუნქციით დაუბრუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს მთაწმინდის პარკის მაგვარი საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც მოიცავს კაფეს, გასართობ ცენტრს, ატრაქციონებსა და ა.შ," - დასძენს მერაბ ბოლქვაძე და დასძენს, რომ გენგეგმის სურვილია, პროექტი აუცილებლად განხორციელდეს.