
"5 წლის წინ გადავწყვიტე თბილისის მერიაში სამსახური მიმეტოვებინა და პანკისის ხეობაში დავბრუნებულიყავი. ხეობას საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. შესაბამისად, სტერეოტიპების დასამსხვრევად საუკეთესო საშუალება პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარება იყო.
ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა საოჯახო სასტუმრო და პანკისისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ ყველასთვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა".
30 წლის ნაზი დაქიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პანკისის ხეობაში, კერძოდ სოფელ ჯოყოლოში, საოჯახო სასტუმრო - "ნაზის გესტ ჰაუსი" გახსნა. თავიდან ნაზი და მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ მათ წამოწყებას პერსპექტივა არ ექნებოდა, ვინაიდან ხეობას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა, ქისტი გოგონას მცდელობამ შედეგი გამოიღო.
დღეს ნაზი დაქიშვილი ერთ-ერთი წარმატებული ქალია პანკისის ხეობაში. გამართული, დახვეწილი ინგლისურითა და გულთბილი დახვედრით, იგი დღეში საშუალოდ, 4-5 ვიზიტორს მასპინძლობს.
"სტუმრების მოსვლისას მხოლოდ ქართულ და ქისტურ სტუმართმასპინძლობას ვაჟღავნებთ, მეტი არაფერი. შედეგად, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ტურისტი მყავს. პანკისის ხეობა შეძლებისდაგვარად ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა.
ტურისტებს სასტუმროში განთავსების გარდა, კულტურულ, საცხენოსნო და ველოტურებს ვთავაზობთ.
გვაქვს ორდღიანი და ერთკვირიანი ტურებიც. გვაქვს ტურები პანკისიდან თუშეთში. მეტწილად ჩვენი ვიზიტორები ევროპელები არიან, მათ შორის გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და ბრიტანეთიდან. თუმცა, ამერიკიდან, იაპონიიდან და ისრაელიდანაც ხშირია სტუმრები", - გვიყვება ნაზი დაქიშვილი.
ნაზის თქმით, სასტუმროს გახსნისას იგი ბიზნესსა და შემოსავალზე არ ყოფილა ორიენტირებული. მისი ძირითადი მიზანი პანკისის ხეობაზე დანარჩენი სამყაროს აზრის შეცვლა იყო. იგი ამას ყველა გზით და ხერხით დღემდე ცდილობს.
"ერთხელ შემთხვევით ვნახე Bradth-ის წიგნი Georgia ტიმ ბერფორდის ავტორობით. 2011 წლის გამოცემას ვგულისხმობ, იქ პანკისის ხეობა ნახსენები იყო, როგორც საშიში ადგილი ვიზიტისთვის. დავუკავშირდი ავტორს და ვკითხე რატომ დაწერა ასე? ეს ხომ სიმართლე არ არის. თქვენ შეცდომაში შეგყავთ მკითხველი - მეთქი, შემდეგ მათ გადაწყვიტეს აქ ჩამოსულიყვნენ. რამდენიმე წლის წინ, ისინი ჩამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახეს ყველაფერი, შედეგად ახალ გამოცემაში პანკისის ხეობა აღწერილია როგორც ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი", - ამბობს ნაზი.
ნაზი სამთავრობო უწყებების დონეზეც ცდილობს პანკისის ხეობაში ტურისტების მოზიდვას. მან რამდენჯერმე მიმართა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, შედეგად მალე პანკისის ხეობაში პრესტურის მოწყობა იგეგმება.
პანკისის ხეობაში სულ 17 სოფელია. მათგან 12 ქისტების, 5 კი ეთნიკურად ქართველების. ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართული კულტურის არაერთი ელემენტი შეითვისეს, თუმცა, საკუთარიც შეინარჩუნეს. რელიგიისა და ნაწილობრივ ენის გარდა, შენარჩუნებული აქვთ ოჯახში ქცევის მკაცრი ეტიკეტიც. ამასთან, ყველა ქისტი გამართულად საუბრობს ქართულად. მათ შორისაა ნაზი დაქიშვილიც.
"მე ჩეჩენი ქისტი ვარ, პირველი ადამიანი, რომელიც აქ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა სოფელ ქისტიდან იყო, რის გამოც, ჩვენ ქისტებს გვეძახიან.
ჩემი წინაპრები ჩეჩნეთში მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდნენ. როგორც გადმოცემით ვიცი, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს ხალხს შორის ერთგვარი შეთანხმება შედგა. ქართულმა მხარემ ჩვენს ხალხს უთხრა: თუ თქვენ ჩამოხვალთ და ხეობას დაიცავთ, მიწას მოგცემთო. ასე მოხვდა ჩემი წინაპარი ამ ხეობაში. ახლა დასთან და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და მათთან ერთად ვუძღვები იმ საქმეს", - ამბობს ნაზი.
პანკისის ხეობას რეპუტაცია 2000-იანი წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა შეულახა. კერძოდ, ხეობაში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, 1999 წლიდან, ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი ჩამოვიდა. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ იწყება არეულობა. 2001 – 2002 წელს პანკისში იარაღის, ცოცხალი საქონლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტები გამოჩნდნენ. ხეობა ჩაიკეტა ყველასათვის. მოგვიანებით ქისტებმა ქართული ჯარის დახმარებით სრულიად გაწმინდეს ხეობა დაჯგუფებისგან.
2003 წელს ჩეჩენი "ბოევიკების" ჯგუფები, რომლებიც საქართველოში იმალებოდნენ ხეობა დატოვეს. მათ დატოვეს ხეობა, თუმცა, პანკისს უსაფრთხოების კუთხით ცუდი სახელი დღემდე შემორჩა. სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს ნაზი დაქიშვილი და საკმაოდ წარმატებულად.
ნაზი მარტო არ არის. პანკისის ხეობაში ვიზიტისას ჩვენ არაერთ მოტივირებულ ახალგაზრდას შევხვდით, რომელთა მცდელობის შედეგადაც შესაძლებელია, რომ პანკისის ხეობის შესახებ უარყოფითი სტერეოტიპები დავიწყებას მიეცეს.
თამთა ჯიჯავაძე